მეცნიერებმა კაცების სიმელოტე ტკბილი გამაგრილებელი სასმელების მიღებას დაუკავშირეს

მეცნიერებმა კაცების სიმელოტე ტკბილი გამაგრილებელი სასმელების მიღებას დაუკავშირეს

ცინხუას უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ, შესაძლოა, კაცების სიმელოტე სხვადასხვა სასმლის მიღებას უკავშირდებოდეს, იქნება ეს უალკოჰოლო გამაგრილებელი ან ენერგეტიკული სასმელები თუ ხელოვნური დამატკბობლის შემცველი წვენები. ნაშრომი ჟურნალში Nutrients გამოქვეყნდა.

ახალი არავისთვისაა, რომ ტკბილი სასმელები ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ უარყოფითად ზემოქმედებს. ექიმები უკვე დიდი ხანია ეჭვობდნენ იმასაც, რომ შაქრის გადამეტებულ მოხმარებასა და თმის ცვენას შორის კავშირი არსებობს.

მეცნიერებმა კონტინენტურ ჩინეთში 18-45 წლამდე 1028 კაცი ონლაინ ანონიმურად გამოჰკითხეს. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს ეთქვათ, თუ რა რაოდენობით იღებდნენ ტკბილ სასმელებს, ჰქონდათ თუ არა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, მოიხმარდნენ თუ არა თამბაქოსა და ალკოჰოლს, ასევე სცვიოდათ თუ არა თმა. ამასთან ერთად, კითხვარი ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც მოიცავდა.

შედეგად აღმოჩნდა, რომ სიმელოტის პრობლემის მქონე კაცები კვირაში საშუალოდ 4 293 მილილიტრ (ეს მინიმუმ 4 ლიტრ Pepsi-ს უდრის) ტკბილ სასმელს იღებდნენ, თმასთან დაკავშირებით პრობლემების არმქონენი კი — საშუალოდ 2 513 მილილიტრს.

დამატებითი კვლევებია საჭირო, სანამ კავშირის მიზეზებზე თამამად ვისაუბრებდეთ, თუმცა ცინგხუას მეცნიერებს ჰიპოთეზა უკვე აქვთ: შესაძლოა, ამას ტკბილი სასმელების მიღების გამო სისხლში შაქრის დონის მატება იწვევდეს. დიაბეტის კვლევები აჩვენებს, რომ სისხლში შაქრის დონის მატება თმის ცვენას უკავშირდება. ვინაიდან ტკბილი სასმელები დიაბეტის განვითარების ანდა გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, შესაძლოა, ლოგიკა ამაში ნამდვილად იყოს.

კვლევა ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, ამიტომაც მისი ავტორები აღნიშნავენ, რომ საკითხის დამატებითი შესწავლაა საჭირო. მიუხედავად ამისა, ურიგო არ იქნება, თუკი ტკბილი სასმელების მირთმევამდე თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიზნებს კარგად გადააფასებთ — სიმელოტეს თუ არა, ეს ბევრ სხვა პრობლემას მაინც ხომ იწვევს.