1968 წელს გამოსული ფილმი რომეო და ჯულიეტი უილიამ შექსპირის პიესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაციაა. თუმცა, ფრანკო ძეფირელის ამ ნამუშევრის გამოსვლიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ფილმში მონაწილე მსახიობები ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი კინოსტუდია Paramount-ს უჩივიან ბავშვზე ძალადობის ბრალდებით.
ჰასი და უათინგი არასრულწლოვანი მოზარდები იყვნენ, როცა ოსკაროსან ფილმში გადაიღეს. 30 დეკემბერს მომზადებულ სარჩელში მსახიობები აღნიშნავენ, რომ რეჟისორმა მათთვის მიცემული პირობა გადაღებებისას შეცვალა. ჰასის და უათინგის თქმით, ძეფირელიმ მათ თავდაპირველად უთხრა, რომ კინოსურათში ისინი შიშვლები არ იქნებოდნენ, საძინებლის სცენის გადაღებისას კი კანისფერი სამოსი ეცმეოდათ; მაგრამ მოგვიანებით, რეჟისორმა ამ სცენის ბუნებრივად გადაღება დაიჟინა და განაცხადა, რომ სხვა შემთხვევაში ფილმი წარუმატებელი იქნებოდა.
"სხვა რაღაც უთხრეს და სხვა რაღაც მოხდა", — ამბობს მსახიობების წარმომადგენელი ტონი მარინოზი, — "ისინი ფრანკოს ენდვნენ. 16 წლის ასაკში მსახიობები მას მიჰყვნენ და იფიქრეს, რომ იგი მათ ნდობას გაამართლებდა. ფრანკო მათი მეგობარი იყო და, სიმართლე ითქვას, 16 წლისები რას იზამდნენ? სხვა გზა არ იყო. არც #MeToo მოძრაობა არსებობდა".
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარმა ჰასისა და უათინგს ხანგრძლივი ემოციური ზიანი მიაყენა, მოგვიანებით კი, მათ თანამშრომლობის შეთავაზებებიც დაკარგეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზარალის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა $500 მილიონს აჭარბებს.
მსახიობების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები 1960-იანებში "გულუბრყვილო ბავშვები" იყვნენ და არ ესმოდათ, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მათ ქმედებას.
"მოულოდნელად, ისეთი პოპულარობა ეწვიათ, როგორსაც არასდროს მოელოდნენ და, ამასთან ერთად, ისეთი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რომელთან გამკლავების გზაზეც არაფერი იცოდნენ", — ამბობს ადვოკატი სოლომონ გრესენი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი, ფრანკო ძეფირელი, 2019 წელს გარდაიცვალა; ამდენად, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მხოლოდ კინოსტუდიაა. Paramount კი ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
რომეო და ჯულიეტი ძეფირელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი გამოდგა. კინოსურათი ოსკარის 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი, საიდანაც ორი მოიგო კიდეც.