ნამდვილი პოკაჰონტასი ედვარდ ნორტონის დიდი ბებია ყოფილა

ნამდვილი პოკაჰონტასი ედვარდ ნორტონის დიდი ბებია ყოფილა

მაინცდამაინც უცნობი ფაქტი არაა, რომ დისნეის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაცია პოკაჰონტასი ნამდვილ ამბებს ეფუძნება, მთავარი გმირის პროტოტიპი კი მე-16 საუკუნეში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელი ქალი გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ პოკაჰონტასის რეალური ცხოვრება ანიმაციაში სახეცვლილი და რომანტიზებულია, ფილმს თავის დროზე მაინც დიდი გამოხმაურება ხვდა წილად.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოკაჰონტასი არა მხოლოდ რეალური პიროვნება იყო, არამედ ამერიკელი მსახიობის, ედვარდ ნორტონის, დიდი ბებიაც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნორტონი პოკაჰონტასის მე-12 თაობის შვილთაშვილია.

ოსკარის ნომინანტმა კინოვარსკვლავმა ამის შესახებ თავადაც სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკულ ტელეგადაცემაში სტუმრობისას შეიტყო. გადაცემაში იპოვე შენი ფესვები წამყვანმა და ისტორიკოსმა ჰენრი ლუი გეიტს უმცროსმა ნორტონს ფაქტი დაუდასტურა და უთხრა, რომ იგი პოკაჰონტასისა და ჯონ როლფის პირდაპირ შთამომავალია.

გეიტსის თქმით, როლფი და პოკაჰონტასი ვირჯინიის ქალაქ ჯეიმსთაუნში, 1614 წლის 5 აპრილს დაქორწინდნენ — იმ დროს, როცა შექსპირი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისტორიკოსის ცნობით, პოკაჰონტასი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა ინგლისში, როლფი კი 1622 წლის მარტში დაღუპულა.

"ასე იაზრებ, ისტორიის რამდენად მცირე ნაწილი ხარ", — აღნიშნა ნორტონმა ამბის შეტყობის შემდეგ.

თუმცა, მსახიობმა გადაცემაში მხოლოდ სასიამოვნო ცნობები როდი მიიღო. ნორტონმა ასევე შეიტყო, რომ მისი დიდი ბაბუა, ჯონ უინსტედი, მონათმფლობელი იყო და ბატონობის ქვეშ მთელ ოჯახს აცხოვრებდა.

"შეიძლება ეს შენს ცხოვრებას პირდაპირ არ ეხებოდეს, მაგრამ ამ ქვეყნის ისტორიას ნამდვილად უკავშირდება. ამიტომ, პირველი და უმთავრესი ნაბიჯი მისი აღიარებაა, შემდეგ კი მასთან გამკლავება", — განაცხადა მსახიობმა.