ამერიკელმა მსახიობმა ჯერემი რენერმა, რომელიც თოვლის წმენდისას უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რენერმა ფოტო Instagram-ზე გააზიარა და წარწერა დაურთო: „ყველას მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ბეჭდვის თავი არ მაქვს, მაგრამ ყველას ჩემს სიყვარულს გიგზავნით“.
ინციდენტი კვირას დილით მოხდა. რენერმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც ნევადას შტატში, საკუთარ რანჩოზე გზას თოვლისგან ასუფთავებდა. სამართალდამცველების ცნობით, მსახიობს მისივე თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა, რომლის წონაც 6,5 ტონაა. მსახიობმა მკერდის ბლაგვი ტრავმა და ორთოპედული დაზიანებები მიიღო.
რენერის პუბლიცისტის, სემ მასტის თქმით, მსახიობს ოპერაცია გაუკეთეს და სახეზეა დადებითი პროგრესი - რენერი ლაპარაკობს, მხნედ და კარგ ხასიათზეა. ამ ეტაპზე ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში.
ჯერემი რენერი იყო ნომინირებული „ოსკარზე“, BAFTA-სა და „ოქროს გლობუსზე“. ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით არის: „ქურდებს ქალაქი“, „შეუსრულებელი მისია: პროტოკოლი ფანტომი“, „ბორნის ევოლუცია“, „ალქაჯებზე მონადირე“. რენერი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში კლინტ ბარტონის (ქორისთვალას) როლს ასრულებს.