რამდენიმე დღის წინ კატალონიური „ბარსელონა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ტიტო ვილანოვას ექიმებმა ყელის სიმსივნე აღმოუჩინეს და ხანგრძლივი მკურნალობა გამოუწერეს.
გუშინ, ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კატალონიურ გუნდს პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში ჩაიბარებდა. ანდრე ლონდონის „ტოტენჰემის“ დამრიგებელია, მაგრამ პირად ხელშეკრულებაში შეტანილი აქვს პუნქტი, რომ „ბარსელონას“ შესაძლო დაინტერესების შემთხვევაში ლონდონი ულაპარაკოდ უნდა დატოვოს.
დღეს დილით ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ბარსელონას“ არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი ხერარდო მარტინო ჩაიბარებს.
50 წლის მარტინო ამჟამად კლუბი „ნიუელს ოლდ ბოისის“ მთავარი მწვრთნელია, უფრო ადრე კი პარაგვაის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
საინტერესოა, რომ კატალონიური გუნდის უფროსობას მარტინოს კანდიდატურა თვით ლეო მესიმ შესთავაზა.
„მარტინოს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ. ვფიქრობ რომ ხერარდო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დიდ წარმატებებს მიაღწევს. არ დაგიმალავთ და კლუბის ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა მე შევთავაზე.“ - განაცხადა ლეო მესიმ.