იობიძე, ბლიაძე და იობაშვილი

იობიძე, ბლიაძე და იობაშვილი

ჰკითხეთ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რამდენი იქნება ასი გრამი გამრავლებული ათზე. ყველა გიპასუხებთ, რომ ნამრავლი ერთად კილოგრამს უდრის. მხოლოდ რუსი იტყვის, ნამრავლი ერთი ლიტრის ტოლია.

სამწუხაროდ საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსებთან “ახლო ურთიერთობა” გაგვაჩნდა. 

ჩვენი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოელი მეზობლის შემადგენლობაში შედიოდა და ძალაუნებურად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში რუსებთან ხშირი კონტაქტი გვიწევდა. მენტალურად ეს ორი ერი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულ ელფერს იძენდა. დღევანდელ წერილში ზოგიერთ მათგანს გავიხსენებთ. 

იყო პერიოდი, როდესაც ქართველი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს რუსეთში გადიოდნენ, გამონაკლისი არც მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი აღმოჩნდა. 

“ჯარში რუსეთში ვმსახურობდი. დასასჯელად ყოველთვის სამზარეულოში გვიშვებდნენ კარტოფილის სათლელად. ახალი წელი ახლოვდება. გარეთ გასვლა არ გვინდა, 37 გრადუსს ყინვას უჭახუნებს. ახლაო, გამოაცხადა “კომბატმა”, 10-10 საათი უნდა იმორიგეოთ გარეთ ყინვაშიო, ოღონდ ჯერ ჩაი დალიეთო. დგას რიგი ცხელ ჩაიზე. ავდექი და რიგის საპირისპიროდ შევიჭერი. 

 - ტი კუდა, ბლიად! – იყვირა “კომბატმა”

 - ჩაი ხოჩუ! – ვუთხარი “მიმინოსავით”.

 - ტი გრუზინ? - მკითხა.

 - და

 - ტროე სუტოკ ვ კუხნიუ.

 ააშენოს ღმერთმა, მთელი ახალი წელი სამი დღე სულ სითბოში ვთლიდი კარტოფილს”. 

წინა საუკუნის მეორე ნახევარში, ანსამბლი “ფაზისი” საგასტროლოდ მოსკოვში ჩავიდა. ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროშიც დაბინავდნენ. რეგისტრაციის გავლის დასასრულს ერთი კურიოზი დაფიქსირდა, რომელსაც დღემდე ღიმილით იხსენებს მსახიობი ბესო იობაშვილი.

- ახლა თქვენი გვარები მიკარნახეთ, --გაგვიღიმა ადმინისტრატორმა გოგონამ.

- იობიძე! –უთხრა ერთ-ერთმა.

ქალს თვალები გაუფართოვდა. შემდეგ მეორეს ჰკითხა გვარი.

- ბლიაძე!

 ვამჩნევ, რომ ნამეტანი დაბნეული გვიყურებს სამივეს. ამასობაში ჩემი ჯერიც მოვიდა.

 - იობაშვილი! გამოვუცხადე ამაყად. რუსი დიაცი წამოფრინდა ადგილიდან, სადღაც გავარდა და მილიციელი მოიყვანა, იმოდენა იყო, ჩემსიგრძე მარტო ჰალსტუხი ეკიდა. გვარები მითხარითო, გვიბრძანა.

 - იობიძე, ბლიაძე, იობაშვილი. 

ის იყო რუსი წესრიგის დამცველი უნდა გვცემოდა, რომ პასპორტები მოგვთხოვა. ჩვენ მაშინვე მივაწოდეთ. ჩახედავს რუსი ვანია, ამოხედავს პასპორტის პატრონს, “ბლინ” გაიძახის და თვალებს გიჟივით ატრიალებს. 

-Да оформляй этих сумасшедших грузинов ! – უთხრა ბოლოს ადმინისტრატორს. კიდევ კარგი, ჩვენი ანსამბლის ორი წევრი არ წამოვიდა, თორემ ალბათ დაგვაპატიმრებდნენ. ერთი გელხუიძე იყო, მეორე კი იბანოიძე”.

 გახსოვთ ალბათ პერიოდი, როდესაც ბატონმა მიხეილ გორბაჩოვმა სსრკ-ში ე. წ. “სუხოი ზაკონი” შემოიღო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების დალევა სასტიკად აკრძალა. იმ პერიოდში ანსამბლ “ორერას” მოსკოვში, “ოსტანკინოში” გადაღებები ჰქონდა. ზამთარი იდგა და გარეთ საშინლად ყინავდა. ვახტანგ კიკაბიძემ და გენო ნადირაშვილმა წახემსება გადაწყვიტეს. 

თბილისიდან 70%-იანი ჭაჭა ჰქონდათ წამოღებული. ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ, აიღეს პილმენები, “ბორჯომის” ბოთლიდან ჩამოისხეს არაყი და პირველი სადღეგრძელოს დალევის წინ ერთი მოულოდნელი სტუმარიც დაადგათ. ბატონი გენო იხსენებდა:

 - ჩტო ვი ტამ პიოწე? – გვეკითხება დამლაგებელი და პირზე ნერწყვი ადგება.

- ეტო, “ბარჟომი”, ია “მიმინო” – ეუბნებოდა ბუბა.

- ეტო ნე “ბარჟომი”, ეტო ჩაჩა, ია სიჩას მილიციუ პაზავუ, - წაკუსკუსდა მუქარით დამლაგებელი.

 არ გაუვლია ხუთ წუთს და არ მოგვადგა ერთი უახმახესი მილიციელი.

 - ვი ჩტო, რებიატა, პიოწე?

 - მი ნე რებიატა, მი ზასლუჟენნი არტისტი, - თქვა ჩემმა ენამ.

 - ეტო “ბარჟომი”, - ეუბნება ბუბა.

 - ანუ, ნალეი, პასმატრიუ, კაკოი ეტო “ბარჟომი” – გვიბრძანა რუსმა წესრიგის დამცველმა.

 - ეტო ჟე ჩაჩა! – მიხვდა მამაძაღლი. ანუკა, ნალეი ეშჩო. კიდევ გადაკრა. ცოტა ხანში თვალები გაუბრწყინდა. მალე  დამლაგებელიც დაგვადგა ჩაის ჭიქით ხელში. 

გადახუხა ჭაჭა და ორ წუთში გრძელი რომანსი წამოიწყო. შემდეგ მილიციელიც აღრიალდა, თითო ჭიქაც გამოგვტყუეს, მილიციელმა ფარაჯა გაიძრო, ჩაბუქნა და დამლაგებელი გამოიცეკვა. ამანაც გაშალა ხელები და ჩიკა-ჩიკაო! –იკივლა. მე და ბუბას იქ აღარ გვესაქმებოდა. მთელი საპილმენე ჩვენ გვიყურებდა. სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას და დავბრუნდით სასტუმროში”. 

ქართველი “ზნატოკების” “შეფი” გიორგი მოსიძე ერთხელ მეგობრებთან ერთად მოსკოვში, სასტუმრო “ვოსხოდში” იყო დაბინავებული. მოულოდნელად ერთ-ერთ ზედა სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაიწყო პანიკა, ყველა გარეთ გარბოდა. ქართველები კაი შეზარხოშებულები იყვნენ და გაქცევას იკადრებდნენ? პირიქით, საგმირო საქმეების ჩადენა განიზრახეს და ხალხის გადარჩენა გადაწყვიტეს. დაიწყეს ნომრების შემტვრევა, თან იცოდნენ კარგი ქალები სად იმყოფებოდნენ. შეამტვრევდნენ კარს, ქალი დაყვირებასა და ჩაცმას ვერ ასწრებდა, უკვე ხელში აყვანილს მიარბენინებდნენ დერეფანში. 

გვიან ღამით დამთავრდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა და საღამოს ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში საზეიმოდ გამოაცხადეს:

- სასტუმრო “ვოსხოდს” ხანძარზე მეტი ზარალი კავკასიელებმა მიაყენეს, რომელთაც მთელი სართულის დანგრევა მოასწრეს სახანძროს მოსვლამდე. 

ქართულ-რუსული ურთიერთობების სახალისო მიმოხილვის დასასრულს კი ერთ საინტერესო დიალოგს შემოგთავაზებთ.

ერთხელ ნინო ჩხეიძესა და ცნობილ მსახიობ ელენა გოგოლევას შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

- Как вы живот, ელენა ნიკოლაევნა, я  очень соскучилса по вам.  Как живот ваш муж Симон Исакович?

 - Дорогая  Ниночка,  он помер!

 - დიდუ, Почему мне не сообщил, я приехал на Москву на оплакивана, --გული აუჩუყდა ნინიკოს და ცრემლები წამოსცვივდა.

 - Успокойся, дорогая,  не плачь,  это было давно, месяц тому назад, --უპასუხა გოგოლევამ. ნინიკო შეცბა. Давно месяц назад, --და ყველას აუტყდა ისტერიული სიცილი.