პანკის მეამბოხე დედოფალი – ვივიენ ვესტვუდი

პანკის მეამბოხე დედოფალი – ვივიენ ვესტვუდი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსოფლიო დონის დიზაინერები ქელვინ ქლაინი და დონა კარანი გლობალური მინიმალიზმით იყვნენ შეპყრობილი, ვივიენ ვესტვუდის შემოქმედება 17-18-ე საუკუნის სტილით იყო ინსპირირებული. დიზაინერის ყველასგან გამორჩეულმა კოლექციებმა წლების განმავლობაში ხელი შეუწყო მისი მეამბოხე სულის შენარჩუნებას და ის ჩამოყალიბებულ აქტივისტად აქცია.

ვივიენ ვესტვუდი ათასში ის ერთი ადამიანი იყო, რომელიც აგიტატორ მეამბოხედ იყო დაბადებული. მსოფლიო, რომელშიც ტომ ფორდი ელეგანტურობით, ალესანდრო მიკელე კი ჯადოქრული ეკლექტიკურობითაა ცნობილი, ვივიენ ვესტვუდი გახლავდათ ექსცენტრიული, მიზანდასახული და ყველასათვის კარგად ცნობილი „პანკის მეამბოხე დედოფალი“.

ცხოვრების ბოლო ეტაპზე ინგლისელი შემოქმედისთვის მოდის ინდუსტრიაში მუშაობა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, მის მიზანს პლანეტის გადარჩენა და მასზე არსებული პრობლემების მოგვარება წარმოადგენდა.

გავიხსენოთ მისი ბოლოდროინდელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერვიუ:

“ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება, რადგან ჩვენ მსოფლიო განადგურებისკენ მივდივართ. დრო ძალიან მალე გარბის და მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე წელი გვაქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.“

“ვფიქრობ, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ომი და პირისპირება, უნდა შეწყდეს იარაღის წარმოება და მათი არამიზნობრივი გამოყენება. ადამიანების უმეტესობა იარაღს ყიდულობს და თავს იმითი იმართლებს, რომ ეს ყველაფერი თავდაცვისთვისაა. სანამ გვიანი არ არის ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეფექტური გზა იარაღის ქარხნების დასახურად.

ვივიენ ვესტვუდის აზრით, პლანეტის გადასარჩენად მხოლოდ მისი ძალისხმევა არ იყო საკმარისი, ამიტომაც მან შექმნა ვებსაიტი (Climate Revolution), როგორც ერთგვარი ციფრული მულტიპლატფორმული ბლოგი, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ დიზაიერის აქტივობებს ეხება.

“მე მაქვს გეგმა მსოფლიოს გადასარჩენად, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ კმარა არმ პრობლემის გადასაჭრელად. ტყეები, რომლებიც ჩვენთვის ჟანგბადის მთავარი წყაროა ყოველწლიურად იჩეხება. უნდა მოვუაროთ მიწას და შეწყდეს ოკეანეში ინდუსტრიული მეთევზეობა.”

“ჩვენი ძალისხმევა უნდა მიემართოს კლიმატის ცვლილების შესაჩერებელ გეგმაზე, პირველ რიგში კი უნდა ავამაღლოთ ადამიანების ცნობიერება. კაცობრიობამ უნდა იცოდეს რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და რომ ეს არ არის მხოლოდ ერთეული ადამინების პრობლემა… გლობალური დათბობა არამხოლოდ ჩვენ, არამედ მომავალ თაობასაც ეხება.”

“ვიცი როგორ გადავარჩინო მსოფლიო კლიმატის ცვლილებისგან, მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც სრული გეგმა აქვს. ჩემი უდიდესი სურვილი იქნებოდა უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა ჩვენს საიტზე წვდომა. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს პლანეტას მათმა უბრალო ქმედებებმა.”

“უნდა შევწყვიტოთ არასაჭირო პროდუქტების გამოყენება. არ არის აუცილებელი ყველამ მანქანით იაროს, ზოგჯერ მცირე მანძილის გასავლელად ველოსიპედიც საკმარისია, ამ სხვა რაიმე მსუბუქი სატრანსპორტი საშუალება.”

ვივიენ ვესტვუდი პლანეტის დაბინძურებაში გარკვეულწილად მოდის ინდუსტრიასაც ადანაშაულებდა და საზოგადოებას მოუწოდებდა ნუ მოიხმარენ ისეთი ბრენდების სამოსს, რომლებიც მომხმარებელს უხარისხო პროდუქციას სთავაზოვებენ.

ინგლისელი დიზაინერის აზრით, პუბლიკამ ცუდისა და კარგის გამიჯვნა უნდა შეძლოს და თუ საჭირო გახდა ხარისხიან სამოსში ჩვეულებრივზე მეტის გადახდაც უნდა ისწავლონ.

“მოდა არის ის ინდუსტრია, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ვფიქრობ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ უნარები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოვიმუშავეთ… სამოსის ხარისხი უნდა აიძულებდეს საზოგადოებას აირჩიონ კონკრეტული დიზაინი. სწრაფი მოდა ჩვენი პლანეტისთვის გამანადგურებელია, კუტიური არის ყველაზე მდგრადი სამოსი, რაც წლების განმავლობაში გამოგადგებათ.“

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხარისხიანი იქნება და ვამოვიყენოთ პროდუქცია, რაც გარემოსთვის მაქსიმალურად უსაფრთხოა. ადამიანები სამოსისა და აქსესუარების შეძენისას კარგად უნდა დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა კონკრეტული ნივთი და გამოიყენებენ თუ არა მათ. ჩემი აზრით, ის უფრო ცუდია, როდესაც პიროვნება გამოდის მაღაზიიდან 7 უხარისხო მაისურით დატვირთული, ვიდრე მდიდარი ქალი, რომელიც ყიდულობს ერთ ძვირადღირებულ კაბას, რომელსაც რამდენიმე წელი მოიხმარს.”

“მიხარია, რომ ჩემი საქმიანობა საშუალებას მაძლევს მასშტაბურ თემებზე საჯაროდ ვისაუბრო… ხალხი ვერ ხვდება, თუ რამდენად სწრაფად მივდივართ გადაშენებისკენ. მაშინ, როდესაც გლობალური ტემპერატურა რადიკალურად შეიცვლება, ჩვენ მას უკვე ვეღარ ვუშველით. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჰგონიათ დედამიწის რესურსი არასდროს გამოილევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავზოგოთ წყალი, ელექტროენერგია და ხშირად არ გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ გავუმკლავდეთ კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას.”