არქეოლოგებმა თურქეთში ბერძნული პანთეონის ღმერთების ქანდაკებები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თურქეთში ბერძნული პანთეონის ღმერთების ქანდაკებები აღმოაჩინეს

თურქეთში, ქუთაჰიის პროვინციაში, ანტიკური ქალაქი აიზანოის ნაშთებში არქეოლოგებმა ჰერაკლეს, ეროსისა და დიონისეს ქანდაკებების თავებს მიაგნეს. მიუხედავად ამისა, აღმოჩენის ვარსკვლავი ხელუხლებელი ქანდაკებაა, რომლის პროტოტიპის ვინაობაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ ვიცით.

Hürriyet Daily News-ის ცნობით, აიზანოიში არქეოლოგიურ გათხრებს Kütahya Dumlupınar University-ის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტი აწარმოებს და პროცესში 100 ადამიანია ჩართული.

გათხრები მდინარე პენკალასის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც ისტორიკოსთა ცნობით, ძვ.წ 3000 წლისთვის დიდი ქალქი უნდა ყოფილიყო ამფითეატრით, სტადიონით, აგორითა და ზევსის ტაძრით.

"ხიდის მიმდებარედ მუშაობისას წავაწყდით აღმოჩენებს, რომლებმაც აღგვაფრთოვანა. წინა სეზონიდან მოყოლებული, მუდმივად ვპოულობთ მარმარილოს სკულპტურების დიდ და მცირე ნაწილებს, რომლებიც სრული სახით 3-დან 3.5 მეტრამდე სიმაღლის უნდა ყოფილიყო", — განაცხადა გათხრების ხელმძღვნელმა, პროფესორმა გოხან ქოსკუნმა

ხელმძღვანელის თქმით, ერთ-ერთი ბოლო გათხრისას აღმოჩენილი ქანდაკება ერთადერთია, რომელიც სრულადაა შემონახული.

"ეს ქანდაკება ერთადერთი ხელშეუხებელი სკულპტურაა, რომელიც აქამდე ვიპოვეთ. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია და უცნობ კაცს ასახავს. ერთადერთი დეტალი, რაც ნიმუშს აკლია, პედესტლისა და ფეხის ძალიან მცირე ნაწილია, სხვა ყველაფერი სრულადაა შემონახული. ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს ამ დეტალსაც ვიპოვით. აღმოჩენათა შორისაა დიონისეს თავი, რომლის სიგრძეც 40 სანტიმეტრს შეადგენს. გარდა ამისა, ვიპოვეთ ჰერაკლეს თავიც, თუმცა ის 2020 წელს აღმოჩენილ ტანს არ შეესაბამება. გვაქვს ბერძნული პანთეონის სხვა ღმერთებისა და ქალღმერთების თავებიც. არტეფაქტები სხვადასხვა პერიოდს ეკუთვნის, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ქანდაკებების ნაწილები სულ მცირე 1800-2000 წლის უნდა იყოს", — განაცხადა ქოსკუნმა

აიზანოი დასავლეთ ანატოლიაში, ქუთაიას პროვინციაში მდებარე ანტიკური ქალაქია, რომელიც ზღვის დონიდან 1000-1050 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. UNESCO-ს ცნობით, ქალაქი ევროპელმა მოგზაურებმა 1824 წელს აღმოაჩინეს. 1926 წელს აიზანოიში პირველი არქეოლოგიური გათხრები გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩაატარეს.