ენდრიუ ტეიტი ტრეფიკინგისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ენდრიუ ტეიტი ტრეფიკინგისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სექსისტური და მიზოგინური კომენტარებით ცნობილი ენდრიუ ტეიტი, რომელიც თავისი შეხედულებების გამო ულტრამემარჯვენე ჯგუფებში საკმაოდ პოპულარულია, რუმინეთში ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ტეიტს ქალები კერძო საკუთრებისთვის შეუდარებია, ასევე გრაფიკულად აღუწერია, როგორ იძალადებდა ქალზე, ეს უკანასკნელი თუ ღალატში დაადანაშაულებდა. 2017 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე მის განცხადებას, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც ეკისრებათ მომხდარზე პასუხისმგებლობა.

ყოფილი კიკბოქსიორი, რომელიც საკუთარ თავს "წარმატების ინსტრუქტორად" მოიხსენიებს, თავისი განცხადებების გამო აქამდე არაერთ სოციალურ ქსელში დაუბლოკავთ, ახლა კი რუმინეთში ძმასთან და ორ სავარაუდო რუმინელ თანამზრახველთან ერთად ბუქარესტში დააკავეს.

"ამ ოთხმა ეჭვმიტანილმა, როგორც ჩანს, შექმნა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი იმ მიზნით, რომ პორნოგრაფიული მასალების შექმნაში ქალები იძულებით ჩაერთოთ და მათი ექსპლუატაციით, სპეციალური ვებსაიტებისგან ფული აეღოთ," — განაცხადეს გამომძიებლებმა.

ენდრიუ ტეიტის დაკავება მასა და გრეტა თუნბერგს შორის კონფლიქტს მოჰყვა, რომელიც ტეიტმა დაიწყო, როცა გრეტას შესთავაზა, რომ თავისი მანქანების სიას გაუგზავნიდა, რათა ენახა, რამხელა გამონაბოლქვი ჰქონდა თითოეულს. გრეტამ ამაზე დაცინვით უპასუხა და აღშფოთებულმა ტეიტმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელიც, როგორც ჩანს, რუმინელ გამომძიებლებს მისი ლოკაციის აღმოჩენაში დაეხმარა. ტვიტერის მომხმარებლები ხუმრობენ, რომ საქმე რუმინულმა პიცამ გახსნა.

"რუმინელ გამომძიებლებს მტკიცებულება სჭირდებოდათ, რომ ტეიტი მათ ქვეყანაში იმყოფებოდა, ამიტომ მისი სოციალური მედიის პოსტებს ათვალიერებდნენ. მის სულელურ ვიდეოში რუმინული კომპანიის პიცა ჩანდა, რამაც დაადასტურა, რომ ის ქვეყანაში იყო."