ექსპერიმენტული წელი ჯონ ფოგერტისთან და ზაპასთან ერთად

ექსპერიმენტული წელი ჯონ ფოგერტისთან და ზაპასთან ერთად

შობა-ახალი წლის პერიოდში მსოფლიო შოუ-ბიზნესის მაკონტროლებელ ქვეყნებში, ძირითადად წლის განმავლობაში მომხდარ უმთავრეს მოვლენებზე საუბრობენ და აფასებენ მომხდარ ამბებს.

 

მაგ. 1970 წელს Creedence Clearwater Revival-მა იმ პერიოდისათვის უკანასკნელ – Pendulum-თან ერთად, ექვსი ალბომიდან ხუთი, “ოქროს ჩანაწერად” აქცია. მართლაც რომ შესაშური შედეგია, რადგან ჯგუფი განსაკუთრებული წარმატებით მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე სარგებლობდა, სადაც მას უამრავი მელოდიური ჯგუფი უწევდა კონკურენციას, მაგრამ როგორც ჩანს, ჯონ ფოგერტიმ მელოდიურობის თვალსაზრისით ყველას აჯობა, უსმენენ რა დღესაც მას დიდი სიამოვნებით მუსიკალური გურმანები როკის, ბლიუზისა, თუ ქანთრისა. მაინც რაშია ჯონ ფოგერტის სიმღერათა საიდუმლოება. რით დაიმსახურა მან უამრავი ადამიანის სიყვარული. მხოლოდ სიმარტივით და ადვილად აღქმადობით?

 

მოდით, მოვილაპარაკოთ და ყველამ ერთად ჩავრთოთ საახალწლო მხიარულ სიტუაციაში ალბომი Cosmos’ Factory და პასუხსაც მივიღებთ ძალიან ზუსტს და არაოაზროვანს – 1. მოწოდება: ხალხნო მოუსმინეთ საახალწლოდ Creedence Clearwater Revival –ს. 2. სადღეგრძელო: ხალხნო გისურვებთ მთელი 2011 წლის განმავლობაში ისეთ მხიარულ განწყობას, რასაც ჯონ ფოგერტის მუსიკა გვიქმნის!

           

ფიქრობ, რომ ყველაფერი გასაგებია და დროა, რომ მომდევნო მუსიკოსს მოვუხმოთ, მით უფრო რომ იგი ძვირფასია ყოველი ადამიანისათვის, ვისაც მუსიკალური გურმანის “ქუდი ჰხურავს”. ფრენკ ზაპას შესახებ იმდენი დაწერილა, რამდენიც არცერთი ამერიკელი მუსიკოსის შესახებ. რატომ? რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ იგი 21 დეკემბერს დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ ერთდროულად უმაღლესი დონის კომპოზიტორი, მხატვარი, პროდიუსერი, რეჟისორი,  მულტიპლიკატორი, მუსიკოსი, მომღერალი და მუსიკალური სელექციონერი გახლავთ.

 

ხოლო მისი ოფიციალური ალბომების რიცხვი განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მატულობს და “არაოფიციალურ” ალბომებთან ერთად უკვე სამოცსაც კი აჭარბებს, ესეც ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, თორემ ციფრი ფრენკ ზაპას მანამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების რაოდენობიდან გამომდინარე, ჰენდრიქსისას ემსგავსება.

 

ფრენკ ზაპამ 1979 წელს უნიკალური ფილმი Baby Snakes შექმნა, რომლის როგორც ვიზუალური, ასევე მუსიკალური და ჟღერადი მხარე თავად შექმნა, ამტვრევინებს რა თავს დღევანდელ ხმის ინჟინრებსაც კი, თუ როგორ მოახერხა ისეთი “საუნდის დაჯენა”, რომ გადაციფრულებასაც კი მშვენივრად გაუძლო და 8 გეგაბიტიანი DVD 21-ე საუკუნეში ისე ჟღერს და იცქირება, გეგონება დღეს ყოფილიყოს გადაღებული. საერთოდ ფრენკ ზაპა მუსიკოსთაგან პირველია (და ვინ იცის დღემდეც), რომლის საკონცერტო საუნდმა სტუდიურისას მიაღწია არამარტო ჩანაწერის ხარისხის, არამედ ზოგჯერ ხასიათის (ამ მხრივ პირიქითაც შესაძლებელია) მიხედვითაც კი.

 

 გაიხსენეთ ნახევრად საკონცერტო Sheik Yerbouty და დახედეთ ამ ალბომის გარეკანს – ამა და ამ სიმღერის გიტარ-სოლოს პირველი ნაწილი სტუდიურია, მეორე საკონცერტო, მესამე კვლავ სტუდიური და ა.შ. ნაწილ-ნაწილ დანაწევრებული სიმღერებიდან გამომდინარე ვერც მიხვდებით ჩანაწერი სტუდიურია, თუ საკონცერტო!

 

ზემოთ ხსენებულმა DVD –მ და ალბომმა დეკემბრის თვეს კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი იუბილარი მიაწოდა. დრამერმა ტერი ბოზზიომ უამრავ სახელოვან მუსიკოსთან ერთად ჩაწერილი ალბომების მიუხედავად, თავდაპირველად და ვინ იცის დღემდე, თავი უპირველეს ყოვლისა ფრენკ ზაპას ჯგუფში ჩაწერილი ალბომებით გაითქვა, რომელთაგან სადებიუტო Bongo Fury-ში მან ზაპაზე არანორმალური ქეფთაინ ბიფჰარტიც გაიცნო (დროა რომ ჩვენც გავიცნოთ), თუმცა ამ უკანასკნელს უკვე კარგა ხანია გონი აღარ მოეკითხება...

 

მეორე იუბილარი კი ედრიან ბელიუა, რომელმაც იმდენად მოხიბლა ზაპა, რომ Baby Snake-ში სამხედრო ფორმით გაელვების შემდეგ, მან გიტარისა და წამყვანი ვოკალის პარტიებიც შეასრულა ორდისკიან Sheik Yerbouty –ში. ფრენკ ზაპასთან ერთად ბელიუ დიდხანს აღარ გაჩერებულა და მალე რობერტ ფრიპის მეშვეობით, იგი კიდევ ერთ დიდ ექსპერიმენტატორ ბრაინ ენოს უკავშირდება. Talking Heads-თან თანამშრომლობაც ხანგრძლივი არ ყოფილა, რადგან მას რობერტ ფრიპი თავად ელოდა...

 

1981 წელს განახლებულ King Crimson-ში რობერტ ფრიპთან, ბილ ბრაფორდთან, ტონი ლევინთან ერთად, უკვე ედრიან ბელიუსაც ვხედავთ, რომელსაც უნდა ემღერა და დაეკრა გიტარაზე ყველაზე უკეთ, რადგან რობერტ ფრიპს (სრულიად არაორდინალურს) ექსპერიმენტული თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ ეპოქაში, Requiem-ისა და Indiscipline-ის მსგავსი ფსიქოდელიურ-ავანგარდული კომპოზიციების შექმნა განეზრახა. აზროვნების საფუძველი კი League Of Crafty Guitarists უნდა ყოფილიყო, რასაც ედრიანის ამერიკული მენტალიტეტი უნდა მორგებოდა...

 

როგორ მოახერხა ეს ამბავი ედრიან ბელიუმ იქიდან ჩანს, რომ იგი დღემდე ირიცხება თითქოს არარსებული ქრიმსონის წევრად, რომელიც დაძინებული ვეზუვივით იქცევა... როგორ შევთავაზო მსმენელს, რომ ახალი წლის დღეებში ჯონ ფოგერტისთან ერთად King Crimson-საც უსმინოს? მოდით წელს არ გვინდა. ჯერ “გემოვნების გამომუშავების კურსებს” ბოლომდე მივყვეთ და რობერტ ფრიპის საოცარ კოლექტივთან ერთად  2012 წელს შევხვდეთ, მას შემდეგ, რაც ტონი ლევინის თბილისში წარმოთქმულის თანახმად King Crimson შეიკრიბება და ახალი VROOM-ებით გვასიამოვნებს, აგრერიგად რომ დააკლდა ჩვენს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას...

 

ახლა კი ძველ მეგობრებს მივუბრუნდეთ და მათთან ერთად გადავინაცვლოთ ზოგჯერ არცთუ ისე სასიამოვნო წარსულში. მაგალითად ბატონმა პოლ მაკარტნიმ 1970 წლის 30 დეკემბერს თავის მეგობრებს განუცხადა, რომ იგი დაიღალა Beatles-ის საკუთარ ზურგზე თრევით და კოლექტივს დაშლისაკენ მოუწოდა.

 

წინააღმდეგი არავინ ყოფილა (არც იოკო ონო) და განაჩენი მაშინათვე აღსასრულში მოიყვანეს, თუმცა  Beatles ოფიცილაურად 1974 წელს დაიშალა. თუ სულ რამოდენიმე წლით უკან დავიხევთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში “გაოქროვდა” ალბომი Rubber Soul და White Album ჰიტ-პარადებს ჩაუდგა სათავეში. თითქოს ჯგუფს  არაფერი უქადდა ხიფათს და ყველაფერი ისევე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ Let It Be, ანუ რაც იყო, იყო...

 

სამაგიეროდ 1971 წლის დეკემბერში Beatles-ის ფუნქციის იმდროინდელმა მტვირთველმა Deep Purple-მ კლასიკურ ალბომ Machine Head-ზე დაასრულა მუშაობა, მიუძღვნა რა ფრენკ ზაპას კონცერტის დროს მონტროში დამწვარ სტუდიის ხსოვნას ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როკ-ჰიტი Smoke On The Water. ალბომის კლასიკურ წიაღსვლებს ჯონ ლორდი განაგებდა, რომლის “ბახურ” მხარეს Highway Star-ის საორღანო სოლო და ჯაზური გაგებით Lazy-ის ინტრო განასახიერებდნენ.

 

გაივლის წლები და კლასიკური მოტივები რიჩი ბლეკმორის გიტარიდანაც არანაკლები ინტენსივობით ამოიფრქვევა. 1981 წელს უკვე Rainbow-ს გიტარისტმა განთქმული კომპოზიტორის მე-9 სიმფონია როკულ ჰიმნად აქცია, სახელად Difficult To Cure უწოდა და აქედან გამომდინარე მთელს ევროპას შესთავაზა ახალი ამპლუით. უბრალოდ მაშინ ევროკავშირი არ არსებობდა...

 

იმავე პერიოდში რიჩის კოლექტივი ფანტასტიურმა დრამერმა კოზი პაუელმა მიატოვა და მალე დევიდ კოვერდეილის Whitesnake-ს მიაშურა. 1980-90-იან წლების  დისკოგრაფიაში ვხედავთ მის ალბომებს ასევე მაიკლ შენკერთან, კიტ ემერსონთან და გრეგ ლეიკთან, რობერტ პლანტთან, Black Sabbath-თან, აგრეთვე 1992 წელს სოლო ალბომს ჯონ ლორდთან, ბრაინ მეისთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.