როდესაც სესილია თაყაიშვილმა სპექტაკლში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ითამაშა, ის მართლა საყოველთაო ბებია გახდა. ხალხს ოჯახებში სესილიას სურათი ეკიდა, როგორც საკუთარი ბებიისა.
იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი და სპექტაკლი რომ ნახა, თქვა: ეს თქვენი ბებია არ არის, ბებიაჩემია, ახლაც ცოცხალია, პროვანსში ცხოვრობსო... ანუ მიიღო, როგორც ფრანგი ბებია. სესილია მაშინ 53 წლის იყო. იმ რეჟისორმა სესილიას სპექტაკლის შემდეგ დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია.
სხვათა შორის, ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი.
დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა: რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში.
მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. რომ ვკითხეთ, რატომ უთხარით-მეთქი უარი? „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი, ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“ - გვიპასუხა.