ერთხელ ბატონი ნოდარ დუმბაძე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში ჩატარებულ ერთ-ერთ ყრილობაზე აღმოჩნდა. ქართველები სასტუმრო „იუნოსტში“ მოათავსეს.
სართულებსაც და რესტორნებსაც ყრილობის დღეებში სტუდენტები ემსახურებოდნენ.
ერთ საღამოს რამდენიმე ჩვენმა თანამემამულემ, მათ შორის ნოდარ დუმბაძემ სასტუმროს რესტორანში ვახშამი მოისურვა. ნოდარმა ბუფეტის თაროზე უკრაინულ არაყს შეავლო თვალი და ოფიციანტი გოგონა თავისთან მოიწვია.
- ერთი ბოთლი „გორილკა „ვ“ პერცომ“ მოგვიტანეთ.
ცოტა ხანში ოფიციანტმა შეკვეთა შეასრულა. ბოთლს უკრაინული იარლიყი ჰქონდა: „გორილკა „ვ“ პერცომ“. ნოდარმა „განრისხებული“ სახე მიიღო და ოფიციანტს მიმართა:
- არ გრცხვენია, მოტყუებას პატარაობიდანვე ეჩვევი?
- ბოდიში, ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ?
- ჩახედე ბოთლში, რამდენი წიწაკაა?
- ორი...
- ახლა იარლიყზე რა წერია, რამდენი უნდა იყოს?
- სამი...
- ჰოდა, წაბრძანდი, ბოთლი შეგვიცვალე და შოკოლადიც მოაყოლე!
დამორცხვილი, ლოყებაფაკლული გოგონა ბარმენს მიეჭრა და გასაგებია, რის მტკიცებაც დაუწყო. ბარმენი ახარხარდა, მერე ყურში რაღაც უჩურჩულა. გოგონა დინჯი ნაბიჯით დაბრუნდა და გაბუტული გამომეტყველებით ბოთლი არაყი და შოკოლადიანი თეფში ქართველებს მაგიდაზე დაუდგა.
- შენ არაფერი გეწყინოს! - უთხრა ნოდარმა, - ჩვენ ქართველები, ვინც მოგვწონს, იმას ვეხუმრებით ხოლმე...
და გაღიმებულ გოგონას შოკოლადი გაუწოდა.