ემპათიურ ადამიანებს ცხოველების უკეთ ესმით — ახალი კვლევა

ემპათიურ ადამიანებს ცხოველების უკეთ ესმით — ახალი კვლევა

თუკი ცხოველის მიერ გამოცემულ ხმებზე დაკვირვებით შეგიძლიათ, გაიგოთ იგი ბედნიერია თუ პირიქით, შესაძლოა, განსაკუთრებით ემპათიური ადამიანი ხართ ან უბრალოდ დიდ დროს ატარებთ ცხოველებთან.

დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეთოლოგი ელოდი ბრიფერის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თანაგრძნობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, უკეთ აიდენტიფიცირებენ ცხოველის ემოციებს მხოლოდ ბგერებზე დაკვირვებით.

კვლევა მოჰყვა Briefer-ის მიერ ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ მსგავს კვლევას, რომელიც მხარს უჭერდა ვარაუდებს, რომ ცხოველებს ესმით ჩვენი ხმა და რეაგირებენ ხმაში გამოხატულ ემოციებზე.

ბრიფერმა და მისმა გუნდმა შეაგროვეს ხმოვანი სიგნალების ჩანაწერები შინაური (ღორების, ცხენების, თხებისა და მსხვილი რქოსანი საქონლის ჩათვლით) და გარეული ცხოველებისგან (მათ შორის, გარეული ღორები და პრჟევალსკი ცხენები). ამ ჩანაწერებიდან ზოგიერთი დაკავშირებული იყო პოზიტიურ გამოცდილებასთან — მაგალითად, ცხოველი ელის საკვებს ან ნახულობს მეგობარს. სხვა ხმები კი მოიცავდა სტრესის, შიშისა და გარიყულობის შეგრძნებებს.

შინაური ცხოველების გულისცემა და გარეული ცხოველების მოძრაობა გამოიყენებოდა, როგორც საზომი იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ემოცია ან "ემოციური აგზნება" ხმის გამოცემის დროს. კვლევისას გამოიყენეს ადამიანების ხმებიც. მკვლევრებმა შექმნეს რამდენიმე უაზრო სიტყვა და დაიქირავეს მსახიობები, რომ ეთქვათ ისინი დადებითი და უარყოფითი ხმის ტონებით.

ერთი და იმავე ცხოველის (ან ადამიანი მსახიობის) ორი ხმა — ერთი დაბალი, ხოლო მეორე — მაღალი აღგზნებით — ჩაურთეს 1 024 მონაწილეს 48 ქვეყნიდან. მონაწილეებს ასევე სთხოვეს, შეევსოთ თანაგრძნობის კითხვარი ინტერპერსონალური რეაქტიულობის ინდექსის (IRI) საფუძველზე. ეს ინდექსი ზომავს ოთხ ემპათიურ მახასიათებელს: მიდრეკილებას, მიიღონ სხვა ადამიანების თვალსაზრისი; განიცადონ სხვების მიმართ თანაგრძნობა; განიცადონ მწუხარება, როდესაც სხვებს დახმარება სჭირდებათ და წარმოიდგინონ საკუთარი თავი გამოგონილ სიტუაციებში.

საერთო ჯამში, ადამიანები სწორად განმარტავდნენ ცხოველური ბგერების მნიშვნელობას 50%-ზე მეტ შემთხვევაში. ისინი უფრო სანდოები იყვნენ ემოციური აგზნების დონის გამოვლენისას, ვიდრე ემოციის ტიპის გამოცნობისას. ბრიფერის, კვლევის უფროსი ავტორის, თქმით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ აგზნება არის სტრესზე პასუხი, რომელიც შენარჩუნდა ძუძუმწოვრებში ევოლუციის გზით და, ზოგადად, წარმოდგენილია მაღალი სიხშირის ხმაურით.

აღსანიშნავია, რომ სქესსა და განათლების დონეს არ ჰქონია გავლენა ადამიანების მიერ ცხოველთა ხმების ინტერპრეტირების უნარზე. ამისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ასაკი. კერძოდ, 20-დან 29 წლამდე ადამიანები საუკეთესოდ ართმევდნენ თავს დავალებას. მკვლევრების დასკვნით, აღნიშნული უნარი ასაკთან ერთად იკლებს.

მონაწილეები უფრო მეტად იცნობდნენ სხვა ადამიანებისა და შინაური ცხოველების ემოციებს, ვიდრე გარეული ცხოველებისას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც მუშაობდნენ ცხოველებთან, უკეთ ესმოდათ მათი, რაც გვაფიქრებინებს, რომ სახეობებს შორის კომუნიკაცია შეიძლება გაუმჯობესდეს ექსპოზიციისა და პრაქტიკის საშუალებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებმაც თანაგრძნობის მაღალი ქულები დააფიქსირეს, უკეთ გამოიცნეს ცხოველების ბგერების მნიშვნელობა.

ეს აღმოჩენა ეხმიანება სხვა კვლევას, რომელშიც კატების მიმართ ემპათიური ადამიანები უკეთესად ხვდებოდნენ, კატების მიერ გამოცემული ხმა ასოცირებული იყო პოზიტიურ (როგორიცაა დავარცხნა) თუ ნეგატიურ გამოცდილებასთან (როგორიცაა იზოლირება).

ბრიფერის თქმით, პირველ ჯერზე, ადამიანები სწორად იცნობენ კითხვების მხოლოდ 50%-ს, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხოველების ვოკალურ სიგნალებზე ცოდნას მიიღებენ, მათი შედეგები უმჯობესდება. ასე რომ, როგორც ჩანს, შესაძლებელია, ადამიანებმა ისწავლონ ცხოველების ემოციური მდგომარეობის გამოცნობა და უკეთ გაუგონ სხვა სახეობებს.