რატომ იმატებს ზოგიერთი ადამიანი წონაში სხვებზე მარტივად — მაშინ, როცა საჭმლის ულუფები ერთნაირია

რატომ იმატებს ზოგიერთი ადამიანი წონაში სხვებზე მარტივად — მაშინ, როცა საჭმლის ულუფები ერთნაირია

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებს თუ დავეყრდნობით, ზოგიერთი ადამიანი, ნაწლავის მიკროფლორის თავისებურებებიდან გამომდინარე, საკვებიდან ენერგიას სხვებზე უკეთ იღებს. შესაძლოა, სწორედ ეს მიგნება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, თუ რატომ იმატებს ზოგიერთი ადამიანი წონას სხვებზე მარტივად — მაშინ, როცა საჭმლის ულუფები ერთნაირია. ნაშრომი ჟურნალში Microbiome გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დანიაში მცხოვრები 85 ადამიანის ფეკალური მასები გამოიკვლიეს. ისინი, კერძოდ, დარჩენილ ენერგიას დააკვირდნენ, რათა საკვებიდან ენერგიის ათვისების კუთხით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიკრობების ფუნქციურობა შეემოწმებინათ. მათ თითოეულ მონაწილეში მიკრობთა შემადგენლობაც აღრიცხეს.

მიგნებების თანახმად, მონაწილეთა დაახლოებით 40% იმ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საკვებიდან დანარჩენ 60%-ზე მეტ ენერგიას იღებს. დაადგინეს ისიც, რომ პირველები მეორეებზე საშუალოდ 10%-ით მეტს იწონიდნენ — დაახლოებით 9 კილოგრამით ბევრს.

შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ჭარბწონიანობა მხოლოდ ცხოვრების წესზე სულაც არ იყოს დამოკიდებული. ვინაიდან ზოგიერთი ადამიანის მიკროფლორა საკვებიდან მეტ ენერგიას შთანთქავს, ერთი რაოდენობის ულუფიდან სხეულისთვისაც მით მეტი კალორიაა ხელმისაწვდომი.

"ფაქტი, რომ ნაწლავის მიკროფლორას საკვებიდან ენერგიის მიღება კარგად გამოსდის, არსებითად სასარგებლოა, რადგან ბაქტერიების მხრიდან საკვების მეტაბოლიზმი დამატებით ენერგიას გვაძლევს, თუნდაც, მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების სახით", — აცხადებს ჰენრიკ როჯერი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი — მიუხედავად ამისა, თუკი იმაზე მეტ ენერგიას მივიღებთ, ვიდრე ვწვავთ, ნაწლავის ბაქტერიებისგან მიღებულმა დამატებითმა ენერგიამ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ჭარბწონიანობის რისკი გაზარდოს".

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა თითოეულ ცდისპირზე სხეულში საკვების გადაადგილების დროც შეისწავლეს. მონაწილეებს მსგავსი რაციონი ჰქონდათ. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ისინი, ვისთვისაც ეს ხანგრძლივობა უფრო დიდი იყო, საკვებისგან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებდნენ. მიუხედავად ამისა, კვლევით საპირისპირო დამტკიცდა — ისინი, ვინც ყველაზე მეტ ენერგიას იღებდნენ, საკვებს უფრო მალე ინელებდნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევა მიზეზშედეგობრივ კავშირს არ გვთავაზობს. კვლევის ავტორები სამომავლოდ საკითხის უკეთ შესწავლად გეგმავენ.

"ძალიან საინტერესოა, რომ მათ, ვისაც განავალში ნაკლები ენერგია რჩება, საშუალოდ უფრო მეტსაც იწონის. მიუხედავად ამისა, კვლევა არ ამტკიცებს, რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. მომავალში საკითხის უკეთ შესწავლა გვსურს", — დასძენს ჰენრიკ როჯერი.