ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძე თავის ახალგაზრდობის წლებს არაერთხელ იგონებდა:
არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ „კარჩაკეტილი“ კაცი. ბევრი მეგობარი მყავდა. ცოტა „მაგარი“ ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო - მაძიებლები იყვნენ „ყოჩობისა“.
ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო იცით იმ დროს ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით, თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს. ასეთი კანონი იყო - სისხლი თუ წაგსკდებოდა, დამარცხებული იყავი. გამარჯვებული კი ის, ვისაც სისხლი არ გამოუვიდოდა. მერე ახალი კანონი გამოვიდა - დამარცხებულად ითვლებოდა ის, ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა. მერე ესეც გადავიდა მოდიდან - ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული.
მახსოვს, ერთხელ, ვერიდან ქვევით, „ზემელზე“ მივდიოდი და იქიდან ამოდიოდა, ბუაძე იყო, ელგუჯა, ხარაგაულელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი, საყვარელი ადამიანი. ერთმანეთს 27-ჯერ დავარტყით. ათჯერ მე გავიმარჯვე. დარტყმის ოატატი იყო. პირველად რომ დაგარტყამდა, მერე, რომ მომკვდარიყავი, ჩხუბში აღარ გამოგყვებოდა: წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეა, შენთვის გათენებულაო.
დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, რუსულ ეკლესიასთან. პლეხანოვზე, მუსკომედიის უკან (მაშინ იქ გორგიჯანოვის ბაღი იყო). აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები.
მოგვიანებით ხელი სპორტს, ცხენოსნობას მოვკიდე და ჩხუბსაც შევეშვი. ისე, მართლა ბევრი შემთხვევა მქონდა, ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. საშა კიკნაძეც ბევრჯერ იყო ჩხუბის მომსწრე. სახლში იჯდა და ფამჯრიდან მიყურებდა. მე კი მის სახლთან, „ზემელზე“ ვჩხუბობდი. წამავლებდა ყურში ხელს და ისე მივყავდი ინსტიტუტში.
რუსთაველის თეატრში ინსტიტუტიდან 1949 წელს მივედი და 1956 წლამდე დავრჩი. მისვლისთანავე გავხდი პრემიერი და მთავარ როლებს ვთამაშობდი ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: „პეპო“, „ხევისბერი გოჩა“, „ნგრევა“. შილერში მოორი, მამაჩემის როლი ვითამაშე. ეპიზოდური როლებიც მითამაშია.
1956 წელს დოდო ალექსიძემ ოიდიპოსის როლზე მიმიწვია. სამი ოიდიპოსი იყო - აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და ეროსი მანჯგალაძე. თავიდან ძალიან მინდოდა ოიდიპოსის თამაში. მერე იმხელა ტექსტი რომ დავინახე, ამას რა მასწავლის-მეთქი, ვიფიქრე, თეატრიდან გამოვიქეცი და კინოში მივედი“.