წინა საუკუნის 70-80-იან წლებში თბილისში ვინილის დისკების „ბუმი“ იდგა. მაშინდელი ახალგაზრდობა ძირითადად ვაკეში, 9-ე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიას სტუმრობდა.
იმ პერიოდში „ვინილის” დისკების შოვნა იოლი არ იყო. ხმის ჩამწერ სტუდიებში ნებისმიერ ჩანაწერს გაგიკეთებდნენ, მაგრამ გრამფირფიტის შეძენა თუ გსურდა რამდენიმე „დაბრკოლება” უნდა გადაგელახა.
თავდაპირველად „ზვუკოზაპისის” თანამშრომლებს უნდა დაახლოებულიყავი, ნდობის მოპოვების შემდეგ კი „იღბლიანთა” სიაში ჩაეწერებოდი. განსაკუთრებული პოპულარობით ზემოთ ნახსენები მეცხრე საავადმყოფოს წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე სტუდია სარგებლობდა.
მისი მამოძრავებელი ძალა ბატონი მიკი იყო და მასთან მთელი თბილისის ახალგაზრდობა დადიოდა. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც მიკისთან ინგლისში გამოშვებული „ჰელფის” გრამფირფიტა შევიძინე.
სამწუხაროდ, მაშინდელი ოცნება, „ბითლზის” ჩემოდანს დავპატრონებოდი, განუხორციელებელი დამრჩა. კომუნისტური რეჟიმი წარსულს ჩაბარდა, ყოველგვარი უცხოურიც ჩვენში აღარ იკრძალება.
საყვარელი ჯგუფის ნებისმიერი ჩანაწერის შოვნა ამჟამად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ იმ პირველ „ჰელფის” გრამფირფიტას, ხოლო მოგვიანებით, იმდროინდელ კიროვის პარკში შაბათ-კვირაობით გამართულ წიგნების ბაზრობაზე შეძენილ „ბითლზის” სხვა დისკებს, სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ხიბლი გააჩნდა.