პროგ-როკ ქარბორბალა კანზასის თვალუწვდენელი სტეპიდან

პროგ-როკ ქარბორბალა კანზასის თვალუწვდენელი სტეპიდან

ტერმინი პროგრესივ-როკი, ალბათ ყველაზე მეტად საკამათოა დანიშნულებისამებრ გამოყენების თვალსაზრისით და უფრო მეტად ერთიმეორესთან მჭიდრო კავშირში (როგორც ჟანრობრივად, ასევე იდეურად) მყოფი წამყვანი ინგლისური ჯგუფების Genesis, Emerson Lake & Palmer, Yes, King Crimson მუსიკალურ თვალსაწიერთანაა მისადაგებული.

ამ თვალსაზრისით, იქამდე არსებული ნებისმიერი პოპ მუსიკალური მიმდინარეობისაგან განსხვავებით, არტ/პროგრესივ როკის სამშობლოდ არა ამერიკა, არამედ ინგლისი უნდა მივიჩნიოთ. სინთეზატორებით, ფლეიტითა თუ კიდევ როკ’ნ’როლისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სხვადასხვა ინსტრუმენტების ჟღერადობით გაჯერებული, იგი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, იტალიით, საფრანგეთით, გერმანიითა თუ დანიით დაწყებული, თანდათანობით მთელს ძველ კონტინენტს მოეფინა და დაამშვენა იგი აზროვნებითა თუ  სირთულით, მრავლაგვარობითა თუ ფანტაზიით.

ამერიკელებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ სად იყვნენ ეს ჯგუფები, როდესაც მათ ფრენკ ზაპა ჰყავდათ, რომელზე „პროგრესივ“ მუსიკოსიც, მე-20 საუკუნეს ვინძლო არც კი  ჰყოლია? მაგრამ ასეთი მსჯელობა მოსატანი არ არის, რადგან Frank Zappa and the Mothers of Invention ზემოთმოყვანილი ჯგუფებისაგან მკვეთრი განსხვავებულობიდან გამომდინარე, არ მოიაზრება „პროგრესივ როკ“ კოლექტივად.

ამერიკაში ზემოთხსენებული მუსიკალური მიმდინარეობა ბუმბერაზი ინგლისური ჯგუფების გასტროლების შედეგად გავრცელდა. რობერტ ფრიპის, გრეგ ლეიკისა და პიტერ გებრიელის ევროპული კონსერვატიზმი თუ რომანტიკა იქ მაინცდამაინც ვერ დამკვიდრდებოდა და ამერიკელებმაც კლასიკური და შუა საუკუნეების ევროპული მუსიკის ნაზავს ქანთრი ელემენტებიც მიუერთეს, ვიოლინომ გადაახალისა ჟღერადობა და პროგრესივ როკი ამერიკაშიც დამკვიდრდა, როგორც უაღრესად კეთილშობილი და პროტესტის ნაკლებად გამომხატველი მიმდინარეობა, რომელიც მხოლოდ მაღალ ესთეტურ ხელოვნებას ემსახურებოდა. ამას ქრისტიანული რწმენით გაჯერებულმა ტექსტებმაც შეუწყო ხელი, რასაც ამერიკაში ინგლისისგან განსხვავებით, სპირიჩუელსების წყალობით, ისედაც ღრმა საფუძველი გააჩნდა.

პროგრესივ-სიმფო-ქანთრი-ქრიშჩენ როკ მამამთავრად ამერიკაში Kansas შეგვიძლია მივიჩნიოთ. იგი როკის „საბჭოთა“ მსმენელისთვის, სიმბოლურად პოპულარული ზღაპრის - „ოზის ქვეყნის ჯადოქრის“ საბჭოური ინტერპრეტაციის - „ზურმუხტქალაქის ჯადოქრების“ მთავარი გმირის - გოგონა ელის თავგადასავალსაც უკავშირდება. Kansas-ის დამწყებ მაშინდელ მსმენელს ისიც შეიძლება ახსოვდეს, რომ ძლიერმა ქარბორბალამ ფურგონი, რომელშიც გოგონა და მისი პატარა ძაღლი იმყოფებოდნენ, სწორედ რომ კანზასის შტატის თვალუწვდენელი სტეპიდან  გაიტაცა...

სწორედ ამ ლამაზი ზღაპრის გავრცელებას დაემთხვა Kansas-ის უაღრესად სადა და ერთი ამოსუნთქვით მოსასმენი სადებიუტო ალბომის გამოჩენა, რომელიც ჯგუფის მრავალი კეთილისმსურველისა და გულშემატკივრის აზრით, დღემდე საუკეთესო ნამუშევრად რჩება. მელოდიურობა, სიმსუბუქე, მხოლოდ დადებითი ემოციები... და ყოველივე ეს ვირტუოზული და გემოვნებით დაკვრის ფონზე, სადაც პროგრესივ ბენდებისათვის დამახასიათებელი გადამლაშებები იოტისოდენადაც კი არ შეინიშნება. ექვსი მუსიკოსისაგან შემდგარ კოლექტივში საყურადღებოა კლავიშებიანი ინსტრუმენტების ფართო სპექტრი, რაც ძალზედ სასიამოვნო და კომფორტულ ჟღერადობას განაპირობებს.

თავიდანვე ჯგუფის ლიდერებად მულტიინსტრუმენტალისტი კერი ლივგრენი და პიანისტი სტივ უოლში იქცნენ. აღსანიშნავი კიდევ ისაა, რომ მათთან ერთად ვოკალის პარტიას Kansas-ის კიდევ ორი წევრი - მევიოლინე რობი სტეინჰარდტი და ბასისტი დეივ ჰოუპი ასრულებდნენ.

უცვლელი შემადგენლობით Kansas-მა რვა წელიწადი იარსება და შვიდი თანაბარი  სიძლიერის ალბომი ჩაწერა, რომელთაგან ვერცერთს გამოვარჩევთ რაიმე ტიპის  უპირატესობით რომელიმე სხვასთან შედარებით. თუმც განსაკუთრებულ აღიარებას როგორც პრესის, ასევე მსმენელთა მხრიდან, 1976 წლის მეოთხე ალბომმა Leftoverture მიაღწია.

თუკი Led Zeppelin-ის Stairway To Heaven-თან, Black Sabbath-ის Paranoid-თან, Deep Purple-ის Smoke On The Water-თან, Eagles-ის Hotel California-თან, Jethro Tull-ის Aqualung-თან გაიგივების საყოველთაოდ არამართებული პრინციპით ვიმსჯელებთ, Kansas-ის სავიზიტო ბარათად ალბომ Leftoverture-ს გამხსნელი Carry On Weiward Son იქცა. ძალიან საინტერესოა ამ სიმღერის ტექსტი, რომელშიც სახარებისეული უძღები შვილის იგავის ერთგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება შევიცნოთ მამის ფიქრებით გამხნევებული მოგზაურობაში წასული შვილის განცდებისა.

ათწლეულების განმავლობაში Carry On Weiward Son-ის არაერთი საკონცერტო შესრულება  გავრცელდა. სხვა ჯგუფების ვერსიათაგან კი გამოჩეულია1992 წელს Dream Theater-ის Meddle-ში მისი გამხსნელ „მარგალიტად“ წარმოჩენა Pink Floyd-ის, Queen-ის, Journey-ის, Genesis-ის კომპოზიციათა შორის.

ერთი წლის შემდეგ Kansas-მა ალბომში Point of Know Return, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტი და მუდმივი საკონცერტო ნომერი Dust In The Wind გაიფორმა. აკუსტიკური სიმღერის ავტორი კერი ლივგრენია.

Kansas-ის თავდაპირველი რვაწლიანი და უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედების კიდევ ერთ მშვენებას კი 1979 წლის ალბომი Monolith წარმოადგენს, რომელიც კომპოზიციათა სპექტრის მრავალფეროვნებით გვაკვირვებს. რობი სტეინჰარდტის, სტივ უოლშისა და მეორე გიტარისტ რიკ უილიამსის Stay Out of Trouble შემყვანი - ეფექტური სიმღერაა რიტმების ცვალებადობითა და ტიპურ ამერიკულ როკული განწყობით. უოლშის How My Soul Cries Out for You კი გვაოცებს განვითარების თითოეულ საფეხურზე. თავდაპირველად იგი მისამღერიანად მოგვაგონებს სიმღერას, რომელსაც თითქოს, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაწერდა Grand Funk Railroad, ბოლოსკენ კი ვაწყდებით Pink Floyd-ის The Wall-ის კედლის მსხვრევის მიმსგავსებულ ეპიზოდს მაშინ, როდესაც ეს ალბომი ამ უკანასკნელზე ექვსი თვით ადრეა გამოსული...

1981 წლიდან მოყოლებული, Kansas -მა არაერთი ცვლილება განიცადა. მუსიკოსები წასვლის შემდგომ, ხშირად ბრუნდებოდნენ ჯგუფში და გამუდმებულმა როტაციამ კეთილისმყოფელი ზეგავლენა მხოლოდ საკონცერტო შემოქმედების გამრავალფეროვნებაზე მოახდინა. ჩვენ ერთ ასეთ მოსულ მუსიკოსზე შევჩერდებით. 1985-1989 წლებში Kansas-ში დღესდღეობით Deep Purple-ის გიტარისტი სტივ მორსი უკრავდა. მან ორი სტუდიური ალბომის Power და In The Spirit Of Things ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა თითქმის ყოველი სიმღერის თანაავტორად ან  ავტორად იქცა. მორსი Kansas-ში ზოგჯერ მღეროდა კიდევაც.

Kansas-ის სტუდიური მოღვაწეობა ბოლო ათწლეულში აშკარად მოისუსტებს. ჯგუფმა ბოლოდროინდელი შესანიშნავი საკონცერტო DVD-ების ფონზე, უკანასკნელი სტუდიური ალბომი Somewhere to Elsewhere, 2000 წელს ჩაწერა.

2006 წლიდან მოყოლებული Kansas-ის შემადგენლობა დასტაბილურდა და საწყისი პერიოდის მუსიკოსებიდან ჯგუფს დღესდღეობით სამნი - კლავიშებზე შემსრულებელი სტივ უოლში, დრამერი ფილ ეჰარტი და გიტარისტი რიკ უილიამსი განასახიერებენ. ჯგუფი კვლავაც პოპულარულია სამშობლოში და აქტიური და ხარისხიანი საკონცერტო მოღვაწეობით, კვლავაც ახარებს უკვე სამი თაობის მსმენელთა გულებს.