Hulu-ს ახალი სერიალი,The Bear, რომლის პირველი ეპიზოდი ეთერში 2022 წლის 23 ივნისს გავიდა, უკვე მაყურებლის არნახული სიყვარულით სარგებლობს. როგორც აღმოჩნდა, ასეთ გამოხმაურებას თავად სერიალის შემქმნელებიც არ მოელოდნენ შოუს განსხვავებული შინაარსიდან გამომდინარე. სერიალი პროფესიონალი შეფის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც სახლში ბრუნდება, რათა საოჯახო ბიზნესი ჩაძირვისგან იხსნას ძმის თვითმკვლელობის შემდეგ. ახალგაზრდა შეფს არც მეტი, არც ნაკლები ჯერემი ალენ უაიტი ასახიერებს, რომელიც Shameless-ის ფანებს ალბათ კარგად ახსოვთ ლიპ გალაჰერის როლში.
ისევე როგორც სერიალის შემქნელები, ჯერემი ალენ უატიც ერთდროულად გაოცებული და გახარებულია, რომ შოუს ამდენი ფანი ჰყავს.
"როცა შეერთებულ შტატებში ჩვენი შოუ პირველად გავიდა ეთერში, ჩვენმა პროდიუსერმა, ნეითმა, სია გამოგვიგზავნა იმ სერიალების, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ყველაზე პოპულარული იყო," — გაიხსენა მსახიობმა. —"ვარსკვლავური ომები, ვარსკვლავური გზა, მის მარველი და დათვი. ვიფიქრე, რა მაგარი იყო, რომ ჩვენც იმავე სიაში აღმოვჩნდით, რომელშიც ასეთი მასობრივად პოპულარული სერიალები მოხვდნენ. კოსმოსი. ზებუნებრივი ძალები. ლაზერის ხმლები. ჩვენი სერიალი კი ადამიანებზეა, რომლებიც ცდილობენ, ერთად აკეთონ სენდვიჩები."
ჯერემი ალენ უატი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ასეთი მასშტაბის გამოხმაურებამ გააოცა. როგორც აღმოჩნდა, დანარჩენი მსახიობებიც ღელავდნენ, რამდენად დააინტერესებდა მაყურებელს სერიალი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ გვიყვება და არა — ჯადოსნურ თავგადასავლებსა და ზებუნებრივ ძალებზე. მათდა სასიხარულოდ, როგორც ჩანს, მაყურებელს მოენატრა კარგად დაწერილი, სახასიათო სერიალები, რომლებიც ადამიანურ ისტორიებს გვიყვება. სამზარეულოს ქაოსი და გემრიელი კერძები კი შოუს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს და, მაყურებლის აზრით, შოუს Mad Men-ის შემდეგ საუკეთესო სამსახურებრივ დრამად აქცევს.