შალვა პაპუაშვილი ანდრო ბარნოვის განცხადებაზე: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ მუქარას ვერ ასრულებენ, არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები, როგორც კი ამას მიიღებენ, დააბრუნებენ ზუსტად იგივე ტერორს და სისტემას

შალვა პაპუაშვილი ანდრო ბარნოვის განცხადებაზე: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ მუქარას ვერ ასრულებენ, არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები, როგორც კი ამას მიიღებენ, დააბრუნებენ ზუსტად იგივე ტერორს და სისტემას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ანდრო ბარნოვის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გარკვეული პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, რომ შეფუთონ, დაფარონ ის რეალური პოლიტიკა, რაც მათ აქვთ.

„სწორედ ასეთი განცხადებები ხანდახან გამოძვრება ხოლმე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა სისტემასთან გვქონდა საქმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში. რაზეც [ფეისბუქპოსტში] არის საუბარი, ამას აკეთებდნენ კიდეც. დღეს ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ მუქარას ვერ ასრულებენ, არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები. როგორც კი მიიღებენ ისინი სახელისუფლებო ბერკეტებს, დააბრუნებენ ზუსტად იმავე ტერორს და იმავე სისტემას, რომელიც გვქონდა 2012 წლამდე“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ანდრო ბარნოვი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ქართულ მედიას აკრიტიკებს და ჟურნალისტების სამართლებრივი დასჯის შესახებ საუბრობს. მეტიც, ეძებს გზებს, თუ როგორ შეიძლება ცალკეულ ჟურნალისტებს საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოს.