მუსიკალური გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მომღერალი, 73 წლის ტინა ტერნერი გათხოვდა. მუსიკოსის რჩეული 57 წლის გერმანელი პროდიუსერი ერვინ ბაჰი ბრძანდება.
შეყვარებულებმა თავიანთი ურთიერთობა ქალაქ ციურიხში ორი დღის წინ ოფიციალურად დააკანონეს. ხვალ კი ტინა ტერნერის მამულში, პატარა დასახლება კუსნახტში დიდი ქორწილი შესდგება.
ხვალინდელ ზეიმზე ახლადდაქორწინებულებმა 120 საპატიო სტუმარი მიიწვიეს. მათ შორის იქნებიან დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი, შადე და ამერიკიდან სპეციალურად ჩამოფრენილი ოფრა უინფრი.
ტერნერისა და ერვინ ბაჰის ურთიერთობა დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო. ბოლო 15 წლის განმავლობაში წყვილი ერთად ცხოვრობს. საინტერესოა რომ ცოტა ხნის წინ ტერნერმა შვეიცარიის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო და ამ ქვეყანაში სამუდამოდ დასახლდა.