რამდენიმე საათის წინ იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბრიტანული „ლივერპულის“ ესპანელი კარის დარაჯი პეპე რეინა უახლოეს სეზონს კლუბ „ნაპოლიში“ გაატარებს.
მიმდინარე წლის ივნისში, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბი „სანდერლენდიდან“ 25 წლის მეკარე სიმონ მინიოლი შეიძინა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რეინას მომავალში ახალი კარის დარაჯის დუბლიორის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
„ნაპოლის“ ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი და პეპე რეინა ერთმანეთს ჩინებულად იცნობენ, რადგან „ლივერპულში“ რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ.
რამდენიმე დღის წინ ბატონი რაფა ერთ დროს ყოფილი გუნდის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და რეინას შესახებ მოლაპარაკება წარმართა. შედეგად ესპანელი მეკარე „ნაპოლიში“ ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა.
პეპე რეინა „ლივერპულში“ 2005 წელს „ვილიარეალიდან“ გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგაში მერსისაიდული გუნდის ღირსებას ზედიზედ რვა სეზონის განმავლობაში იცავდა და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.