მარსზე ასტრონავტთა ბაზები ენერგიით შესაძლოა, ქარის ელექტროსადგურებმა მოამარაგოს

მარსზე ასტრონავტთა ბაზები ენერგიით შესაძლოა, ქარის ელექტროსადგურებმა მოამარაგოს

მარსზე არსებული ატმოსფერო ბევრად თხელია, ვიდრე დედამიწაზე, და 1-პროცენტიანი სიმკვრივე აქვს. შესაბამისად, იქ მქროლავი ქარი ისეთი ძლიერი არაა, როგორც ჩვენს პლანეტაზე, რის გამოც მეცნიერებმა ამ ციურ სხეულზე ენერგიის წყაროდ ქარის გამოყენების ალტერნატივა დიდი ხნის წინ უარყვეს.

ამის მიუხედავად, სპეციალისტები ქარის ისეთი გენერატორების შექმნაზე ფოკუსირდნენ, რომლებიც ამ მხრივ შეუსაბამო ადგილებში იმუშავებს. მსგავსი ტექნოლოგია კი მარსზეც გამოგვადგება, რადგან ადრე თუ გვიან, წითელ პლანეტაზე ადამიანები აუცილებლად წავლენ, იგეგმება ბაზების დაარსებაც, რომელთა ფუნქციონირებასაც ენერგია დასჭირდება.

ამჟამად იქ გაგზავნილი აპარატები მზის პანელებითაა აღჭურვილი, თუმცა დღისა თუ სეზონების განმავლობაში ასეთი გზით მიღებული ენერგიის ოდენობა ცვალებადია. არსებობს პანელების მტვრით დაფარვის რისკიც, ეს კი მათ მუშაობას აფერხებს. რაც შეეხება ბირთვულ ენერგიას, ის ეფექტიანია, თუმცა ბაზებთან ახლოს რადიოაქტიური ნივთიერებების განთავსება ასტრონავტებს პოტენციური საფრთხის წინაშე დააყენებს.

იმის გასაგებად, თუ რამდენად მოგებიანი იქნება მარსზე ქარის რესურსის ათვისება, მეცნიერებმა თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგია გამოიყენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ მეთოდით ჩვენი მეზობელი ციური სხეულის მთლიან ზედაპირზე წლის ნებისმიერ დროს ქარის ენერგიის მიღება შესაძლებელია.

ავტორებმა გამოითვალეს, რა მოცულობის ენერგიის გამომუშავების საშუალებას მოგვცემს ქარის 4 სხვადასხვა ტურბინა, მათ შორის 300-კილოვატიანი Enercon E3 და 5-კილოვატიანი Aeolos V. დადგინდა, რომ ქარის ენერგია მაქსიმუმს ღამე მიაღწევს, რაც ამ პერიოდში მზის ენერგიის დანაკლისს აანაზღაურებს. ის ეფექტიანი იქნება მტვრის გლობალური ქარიშხლების დროსა და პოლუსებისა თუ შუა განედების მიმდებარედ ზამთრის პირობებში.

მთლიანობაში, ქარის ტურბინების განსათავსებლად ყველაზე კარგი მდებარეობის მქონე 13 ფართო რეგიონი გამოვლინდა, სადაც ქარის რესურსი სტაბილურია. გამოთვლების თანახმად, იქ სამომავლო მისიების ფარგლებში დაგეგმილი დაშვებების 3 ადგილას გენერირებული ენერგია 24 კილოვატს მიაღწევს, რაც 6-კაციან ეკიპაჟს წლის 35 პროცენტის განმავლობაში უზრუნველყოფს. 7 სხვა ადგილას მიღებული ენერგია ზამთარში ან ქარიშხლიან პერიოდში საჭირო მარაგის 50 პროცენტს გაუტოლდება. მზის პანელების დამატებით კი, რა თქმა უნდა, რესურსი კიდევ უფრო გაიზრდება.