2022 წელს საზოგადოება არაერთი ლეგენდარულიმომღერლის “დიდი დაბრუნების” მომსწრე გახდა. ვარსკვლავებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მაყურებლებს ის ალბომები წარუდგინეს, რომელთა ჩაწერაზეც გასული წლების განმავლობაში, იზოლაციების პერიოდში მუშაობდნენ. წარმოგიდგენთ 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, გაყიდვადი და გახმაურებული ალბომების ავტორებს.
ბიონსე
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა გახლდათ ამერიკელი მომღერლის ბიონსე ნოულზის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი Renaissance, მისი პირველი სოლო სტუდიური ალბომი 2016 წლის(Lemonade) შემდეგ. ბიონსემ აღნიშნული ალბომი შექმნა და ჩაწერა კოვიდ პანდემიის დროს, ვარსკვლავი ცდილობდა მსმენელისთვის შთაეგონებინა თავისუფლების სიყვარული, რომლებიც დროის უმეტესობას იზოლაციაში ატარებდნენ. ალბომი აერთიანებს 1970-იანი წლების შემდგომ ჩამოყალიბებულ მუსიკალურ ჟღერადობებს, როგორებიცაა დისკო და ჰაუსი. ლირიკური კონტენტი აერთიანებს ესკაპიზმს, ჰედონიზმს, თავდაჯერებულობასა და თვითგამოხატვას.
“ამ ალბომის შექმნის პროცესმა მომცა საშუალება მეპოვა ადგილი საოცნებოდ დაარსებული რეალობისგან თავის დასაღწევად. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება თავი თავისუფლად და თავგადასავლების მოყვარულად მეგრძნო. ჩემი განზრახვა იყო შემექმნა უსაფრთხო ადგილი, სადაც არავინ განმსჯიდა. ადგილი, რომელიც იქნებოდა პერფექციონიზმისა და ზედმეტი აზროვნებისგან თავისუფალი. ადგილი, სადაც ვიყვირებდი, გამოვუშვებდი ზედმეტ ემოციებს, დავიცლებოდი ნეგატივით და თავს თავისუფლად ვიგრძნობდი”.
ადელი
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის და თანამედროვე მუსიკის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ინგლისელი მომღერალი, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი როგორც ადელი, მუსიკალურ ინდუსტრიაში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით “30” დაბრუნდა. პოპის, სოულისა და ჯაზის ელემენტებით გამრავალფეროვნებული შედევრი კრიტიკოსების შეფასებით ვარსკვლავის ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება.
“მინდა, წლების შემდეგ, როდესაც ჩემი შვილი 20 ან 30 წლის იქნება, ამ ჩანაწერების საშუალებით მიხვდეს თუ რატომ ვარჩიე ჩემი ბედნიერება და რატომ შევუშალე ხელი მის მთლიან ცხოვრებას. ხშირად, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრდები, თავს უბედურად ვგრძნობ, ეს პროცესი ჭრილობას ჰგავს, რომელიც არ იცი ოდესმე მოშუშდება თუ არა.”
„განქორწინების შემდგომი პერიოდი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილისთვის ძალიან რთული იყო. მას უჩნდებოდა შეკითხვები, ძალიან კარგი, საფუძვლიანი და ამავდროულად უმანკო შეკითხვები, რომლებზეც პასუხებს ვერ ვპოულობდი. ერთხელ ჩემი შვილი მოვიდა ჩემთან და მკითხა “რატომ არ შეგვიძლია კვლავ ერთად ცხოვრება?” მე კი არ ვიცოდი მისთვის რა მეპასუხა. თითქოს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მის ბედნიერებას ვამჯობინე საკუთარი ბედნიერება.”
The Weeknd
წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის ავტორი რაღა თქმა უნდა აბელ ტესფაიეა, ბევრისთვის სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომელმაც ექსტრაორდინალური სტილით, უკომპრომისო არტისტულობითა და ორიგინალური ჟღერადობით საყოველთაოდ გაითქვა სახელი. მის ალბომებში, როგორც ყოველთვის, იგრძნობა განსხვავებული რიტმი, კლასიკური R&B-ის, ელექტრონული მუსიკის, 80-იანი წლების პოპისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავი.
ახალი ალბომი სახელად Dawn FM კანადელი ვარსკვლავის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია, რომელიც ჯიმ ქერისთან, Tyler, the Creator-თან და ლილ უეინთან ერთად შეიქმნა.
თავად აბელი ალბომის კონცეფციას ხსნის როგორც “გამათავისუფლებელს”, მოგზაურობას, რომელიც დაეხმარა “ეპოვა გვირაბის ბოლოს სინათლე”. მუსიკალურად Dawn FM არის ოპტიმისტური ჩანაწერი, რომელიც შეიცავს dance-pop და synth-pop სტილის სიმღერებს, რომელიც შთაგონებულია 80-იანების ახალი ტალღის punk-ისა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებით.
“ვინ იცის, როგორი იქნება ჩემი შემდეგი ალბომი? რაც შეეხება ჩემს სიმღერებს, მასში ერთნაირი ჟღერადობა ხშირად ისმის, მაგრამ ერთ სტილზე არასდროს არ შემიძლია გაჩერება. თქვენ შეიძლება შემოგესმათ EDM, ჰიპ-ჰოპი და სამი სხვა ტიპის განსხვავებული მელოდია ერთ სიმღერაში – და რატომღაც, მიუხედავად ყველაფრისა, სიმღერა მაინც ზუსტად ისეთი გამოვა, როგორიც მინდოდა”.
ჰარი სტაილსი
Harry’s House – ინგლისელი მომღერლისა და ტექსტების ავტორის ჰარი სტაილსის რიგით მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც ძირითადად პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში ჩაიწერა და ჰარის “ყველაზე ინტროსპექტრულ ნამუშევრად” მიიჩნევა. ალბომი ინსპირირებულია ქალაქური პოპის ჟღერადობით, pop-funk-ით, pop rock-ით, synth-pop-ითა და R&B-ის ელემენტებით.
ალბომის სახელი არის კონცეფცია, მეტაფორა, რომელიც მის გონებაში არსებულ“გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას” გამოხატავს.
ალბომის სახელწოდების იდეა Haruomi Hosono-სგან გაჩნდა, რომელსაც 70-იან წლებში ჰქონდა ალბომი სახელწოდებით Hosono’sHouse.
“როდესაც ეს ჩანაწერი მოვისმინე ძალიან მომეწონა და იმ წამსვე გავიფიქრე, ძალიან სახალისო იქნება Haruomi-ის სახლის მსგავსად, “ჰარის სახლი” შემექმნა”.
ალბომის ყველაზე პოპულარული სინგლი გახლავთ As It Was, რომელიც დღესაც არაერთი ქვეყნის ტოპ ჩარტების სათავეშია.