კარდაშიანების ოჯახის საშობაო ტრადიციები – როგორია სადღესასწაულო სამზადისი ვარსკვლავურ ოჯახში

კარდაშიანების ოჯახის საშობაო ტრადიციები – როგორია სადღესასწაულო სამზადისი ვარსკვლავურ ოჯახში

როდესაც საქმე საახალწლო დღესასწაულებსა და ღონისძიებებს ეხება კარდაშიანებისა და ჯენერების კლანი ამ მნიშვნელოვან დღეებს ყოველთვის ექსტრავაგანგულად ხვდება.

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავების ოჯახური წვეულებები კაშკაშა განათებებითა და გლამურული დეკორაციებით ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოჯახი ყოველწლიურად ახერხებს საზოგადოების დაინტერესებას და ყველაფრის მიუხედავად პოპულარობას არ კარგავს.

კარდაშიანებისა და უესტების “საახალწლო გემოვნება” შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზირებადია, რადგან საცხოვრებელ გარემოს ისინი ყოველწლიურად ერთ ფერში რთავენ. ვარსკვლავურ ოჯახში ყოველთვის ჭარბობს სადა და მონოქრომული ფერის დეტალები. როგორც თავად კიმი აღნიშნავს, თეთრი მისი საყვარელი ფერია, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, საახალწლოდ სახლი მინიმალისტური დეკორაციებით გააფორმოს, ხოლო ნაძვის ხე კი სადა, გემოვნებიანი და დახვეწილი განათებებით მორთოს. კარდაშიანებისა და უესტების ოჯახში ყოველთვოს იგრძნობა სადღესასწაულო სულისკვეთება, თოვლის იმიტაციით შექმნილი თეთრი ხელოვნური საფარი და მაღალი ხეები კი სახლში საახალწლო განწყობას ქმნის.

კიმის არატრადიციული საახალწლო ნაძვის ხის და მინიმალისტური დეტალებით გაფორმებული სახლის ფონზე მისი დის კორტნის დეკორაციები კონტრასტულია, ისინი უფრო მეტად ფერადი, ექსტრავაგანტული და სადღესასწაულოა. მის ოჯახში ნაძვის ხის მორთვა და სახლის მრავალფეროვანი დეკორაციებით გალამაზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშობაო ტრადიციაა.

იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავურ ოჯახში ბევრი მცირეწლოვანი წევრია, სახლში ყოველწლიურად ეწყობა საახალწლო ბაზრობა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალურად გაფორმებული კუთხე, რომელსაც მულტფილმების გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი სათამაშოები ალამაზებენ. ოჯახის წევრები პროფესიონალების დახმარებით აწყობენ დეკორაციებს, მოციმციმე გვირაბებს, რომლებიც ათი ათასობით ნათურასა და თოვლით დაფარულ ზედაპირს მოიცავს. ბავშვებს აქვთ სასმელებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯიხური, რომელიც სავსეა ცხელი კაკაოთი, ლატეთი და ნატურალური წვენებით.

კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახი ყოველწლიურად აწყობს გლამურულ წვეულებებს, სადაც ასობით ადამიანი იყრის თავს, თუმცა წელს გლობალური პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო ოჯახის მომავალი გეგმები ჯერჯერობით უცნობია.

რეალითი შოუს ვარსკვლავები გამუდმებით ცდილობენ არსებული ტრადიციები არ დაივიწყონ, თუმცა პარალელურად სადღესასწაულო სუფრაზე სიახლე შეიტანონ. ოჯახური წვეულებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის საკვებია. სახლსა და ეზოში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილია სპეციალური ადგილები, რომლებიც მთლიანად  საახალწლო კერძებსა და ტკბილეულს ეთმობა.

“ჩვენს ოჯახში ყოველწლიურად ტარდება საშობაო წვეულება, რომელსაც მოუთმენლად ველი, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობა მეძლევა. ადამიანების ნაწილი იფიქრებს, რომ ჩემი ნათქვამი ბანალურად ჟღერს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნაა. სასიამოვნოა, როდესაც წელიწადის ამ დროს ყველა ერთად იკრიბება. ჩვენ მრავალი სადღესასწაულო ტრადიცია გვაქვს, აქიდან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრების გვერდით ყოფნაა, ამ დროს ერთად ვაცხობთ საშობაო ტკბილეულს, ვაწყობთ დეკორაციებს და ვრთავთ სახლს, რაც საახალწლო განწყობის ამაღლებაში გვეხმარება. (კენდალი)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი შობის ღამეს საჩუქრების გაცვლაა, რასთან დაკავშირებითაც კარდაშიანების ოჯახს ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს. ისინი ყოველწლიურად ირჩევენ ერთ ფერს, რათა ყველამ იცოდეს ვინაა კონკრეტული საჩუქრის ავტორი. ერთ-ერთ წელს კიმმა საჩუქრების შესაფუთად პასტელური კრემისფერი ქსოვილი შეარჩია. საქმე იმაშია, რომ შესაფუთი ქაღალდის გახევის ნაცვლად საჩუქრის ადრესატს მხოლოდ ქსოვილის კვანძის გახსნა სჭირდებოდა, რათა გაერკვია თუ რა იდო მისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთში. კიმმა საკუთარი იდეა სოციალური მედიის მომხმარებლებს გაუზიარა, რამაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. კიმის საშობაო შეფუთვას მისმა გამომწერებმა „ეკოლოგიურად სუფთა იდეა“ უწოდეს და რესურსის დაზოგვის მიზნით ადამიანებს მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდეს.

“შობამდე რამდენიმე დღით ადრე დროის უმეტეს ნაწილს საჩუქრების შეფუთვაში ვატარებ, რათა ნაძვის ხის ქვეშ დავდო, სანამ შობის ღამე დადგება. ჩვენ ინდივიდუალურად ვირჩევთ სხვადასხვა ფერს, ამიტომ ყოველთვის წინასწარ ვიცით ვისგან ვიღებთ საჩუქრებს. (კიმი)

საჩუქრების გაცვლა კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რასაც მათთვის უამრავი დადებითი ემოცია, სიხარული და ბედნიერება მოაქვს. თუმცა, როგორც კენდალი აღნიშნავს მიუხედავად სასიამოვნო პროცესისა, მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი საკუთარი ოჯახია.

“საახალწლო საჩუქრები ძალიან კარგია, თუმცა ჩემთვის დეიდად ყოფნა ყველაზე დიდი საჩუქარია. მიხარია და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს დიშვილებს ვუყურებ. ყოველწლიურად ვქმნით მოგონებებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად სასიამოვნოდ გავიხსენებთ.” (კენდალი)

მაკიაჟი და გარეგნული იერსახე შესაძლოა არ არის დღესასწაულისთვის აუცილებელი დეტალი, თუმცა ბრჭყვიალა და ბზინვარე იმიჯი საახალწლო განწყობის ასამაღლებლად ნამდვილად გვესაჭიროება. შეგახსენებთ, რომ კაილი ჯენერი კოსმეტიკური ბრენდის Kylie Cosmetics-ის დამმარსებელია. მან ტრადიციულად წელსაც წარუდგინა მომხმარებელს უახლესი კოლექცია, რომლის დიზაინიც თითქმის ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი გრინჩია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მილიარდერს ძალიან უყვარს ოჯახური წვეულებები და გლამურული საღამოები, ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ხმაურიანი საღამოს ნაცვლად ურჩევნია საშობაო დღესასწაულს ქალიშვილთან ერთად, მყუდრო გარემოში შეხვდეს. კაილი პროფესიული საქმიანობის პარალელურად ცდილობს გოგონასთან ერთად დიდი დრო გაატაროს. სადღესასწაულო დღეებში ისინი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ტკბილეულს აცხობენ, შემდეგ კი მზადების სახალისო პროცესს საკუთარი Youtube არხის საშუალებით გამომწერებს უაზიარებენ.