როგორ გამოვიდეთ ალკოჰოლური თრობიდან სწრაფად? — მეცნიერები მარტივ ხრიკზე საუბრობენ

როგორ გამოვიდეთ ალკოჰოლური თრობიდან სწრაფად? — მეცნიერები მარტივ ხრიკზე საუბრობენ

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისათვის არაერთი ხალხური რეცეპტი არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა ტესტირებისას არ ამართლებს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ, შესაძლოა, თრობიდან გამოსასვლელად ღრმად სუნთქვა დაგვეხმაროს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ პირობებში. ნაშრომის წაკითხვას ჟურნალში Scientific Reports შეძლებთ.

დადგენილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზების გამო წელიწადში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი კვდება. ხშირად ეს ნივთიერების ხანგრძლივ გადამეტებულ მოხმარებას უკავშირდება, ზოგჯერ კი მაშინ ხდება, როცა ერთ ჯერზე უკიდურესად ბევრს სვამენ და საავადმყოფოც არაა ხელმისაწვდომი.

კანადის ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო ქსელის (UHN) დოქტორის, ჯოზეფ ფიშერის, თქმით, სისხლში ეთანოლის მოხვედრის შემდეგ მისი 90% ღვიძლში მუშავდება, ამ ორგანოს დაჩქარება კი შეუძლებელია. დიალიზის გარდა, ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა თუა შესაძლებელი, მაგალითად, პაციენტის ტვინისათვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება.

ალკოჰოლის დანარჩენი 10% თირკმელებიდან და ფილტვებიდან გამოიდევნება. სწორედ ამიტომ ამოწმებენ ალკოჰოლურ თრობას ამონასუნთქის საშუალებით. ანალოგიური მიზეზის გამო ვგრძნობთ სასმლის სუნს ამოსუნთქულ ჰაერში.

ფიშერმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, ეხმარება თუ არა უფრო ღრმად და სწრაფად სუნთქვა ალკოჰოლის შედარებით სწრაფად გადამუშავებას. ამ ტექნიკას, როგორც წესი, სისხლიდან საზიანო ნივთიერებების (მაგალითად, მხუთავი აირის, იგივე ნახშირჟანგის) გამოსადევნად იყენებენ.

მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მეთოდი მუშაობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს გარკვეული დახმარებაც დაგვჭირდება.

"ჰიპერვენტილაციას ასე უბრალოდ ვერ შეძლებთ, რადგან 1-2 წუთში თავბრუ დაგეხვევათ და გონებას დაკარგავთ", — ხაზს უსვამს ფიშერი.

სისხლის მიმოქცევაში ნახშირორჟანგი (CO2) მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწრაფად სუნთქვა ეთანოლთან ერთად მის გამოლევასაც იწვევს, ამ დროს კი ორგანიზმი შესაბამისად იქცევა: თუკი გადამეტებულ სუნთქვას კიდურების კანკალი და თავბრუსხვევა არ აჩერებს, მაშ, ამას გონების დაკარგვა ნამდვილად შეძლებს.

ფიშერმა და მისმა გუნდმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც სუნთქვისას გამოდევნილ ნახშირორჟანგს ისევ სხეულში აბრუნებს. შესაბამისად, სისხლის მიმოქცევიდან ეთანოლი გამოიყოფა, თუმცა CO2-ის რაოდენობა კვლავ დამაკმაყოფილებელი რჩება და ღრმა, ხშირი სუნთქვა სახიფათო აღარაა.

საგულისხმოა, რომ ცდა მხოლოდ ხუთ ჯანმრთელ ცდისპირზე ჩატარდა. მათ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა, რაც ადამიანისთვის საფრთხის შესაქმნელად საკმარისად დიდი რაოდენობა ნაკლებადაა. სწორედ ამიტომ, მეთოდი ჯერჯერობით კლინიკურ პირობებში არ შეუმოწმებიათ — ზედმეტად ნასვამი ადამიანისთვის ინსტრუქციების მიყოლა არც ისე მარტივია.

მიუხედავად ამისა, ცდის მონაწილეებმა ამ მეთოდით ეთანოლის განდევნა სამჯერ დააჩქარეს. მართალია, პროცესი მათთვის მოსაწყენი აღმოჩნდა, თუმცა არაკომფორტული არ ყოფილა. მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობის გარეშე კარგი შედეგის დადება გაგიჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ, გამოუვალ სიტუაციებში ხრიკი თავადაც გამოცადოთ — რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დაცვით.