ადამიანების ევოლუცია ჯერ კიდევ გრძელდება — მკვლევრებმა 155 ახალი გენი აღმოაჩინეს

ადამიანების ევოლუცია ჯერ კიდევ გრძელდება — მკვლევრებმა 155 ახალი გენი აღმოაჩინეს

ვითარდებიან თუ არა ადამიანები ჯერ კიდევ? ეს კითხვა ბევრისთვის საიდუმლოა, რადგან, დაახლოებით, შვიდი მილიონი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა შიმპანზეების მოდგმა დავტოვეთ. ფაქტორები, რომლებიც წარსულში მკაცრ გარემოში ადაპტირებას, განვითარებასა და გადარჩენას გვაიძულებდა, აქტუალური აღარ არის.

დღესდღეობით, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და ხელი მიგვიწვდება ჯანდაცვის მოწინავე საშუალებებზე. ამდენად, ჩვენ უფრო კომფორტულ და დაცულ გარემოში ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები. გარე ფაქტორები, მაგალითად, სელექციური ზეწოლა, რომლებიც ადრე თვითგადარჩენის უწყვეტ რეჟიმში გვამყოფებდა, უკვე აღარ მოქმედებს ჩვენზე.

დუბლინის სამების კოლეჯისა (TCD) და ალექსანდრე ფლემინგის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის (BSRC Fleming) მკვლევართა ჯგუფმა საბერძნეთში დეტალურად შეისწავლა ეს საკითხი. საინტერესოა, რომ კვლევის პროცესში მათ აღმოაჩინეს 155 ახალი გენი ადამიანის გვარში. ეს ახლად აღმოჩენილი გენები, ცალსახად, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი კვლავ განუწყვეტლივ ვითარდება.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ახალი გენები ადამიანის გენომში ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს დნმ-ის დუპლიკაციის შედეგად. თუმცა, ეს ასე არ არის ახლად იდენტიფიცირებული 155 გენის შემთხვევაში. მათ გამოიკვლიეს გენები არსებულ გენეტიკურ მასალასთან მათი კავშირების მიხედვით და დაადგინეს, რომ გენები სრულიად ახალია; ისინი წარმოიშვა უნიკალური დნმ-ის სეგმენტებიდან.

ამ ახალი გენების მნიშვნელობა შეიძლება გავიგოთ იმ ფაქტიდან, რომ 155 გენიდან 44 დაკავშირებულია უჯრედულ კულტურებში ზრდის ანომალიებთან. ასე რომ, მათ შეუძლია, დაგვეხმაროს ზრდის დეფექტების აღმოჩენასა და ცოცხალი სისტემების ოპტიმალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში. ამ უნიკალური დნმ-ის ნიმუშებზე დაყრდნობით, მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი გენები შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა დაავადებასთან.

მაგალითად, მკვლევრებმა შენიშნეს სამი გენი დნმ-ის მარკერებით, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ დარღვევებთან, როგორებიცაა: ღერო-კონუსური დისტროფია (თვალის დარღვევა, რომელიც იწვევს ბადურას გაფუჭებას დროთა განმავლობაში და საბოლოოდ აბრმავებს ადამიანს), ალაზამის სინდრომი (იწვევს დარღვეულ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას) და კუნთოვანი დისტროფია.

ავტორები ვარაუდობდნენ, რომ ამ ახალი კოლექციის ერთი კონკრეტული გენი წარმოიშვა ადამიანებში მაშინვე, როგორც კი ჩვენმა წინაპრებმა გორილების გვარი დატოვეს. ეს გენი ახლა დაკავშირებულია ადამიანის გულის ქსოვილის განვითარებასთან.

ახლად იდენტიფიცირებული გენების მნიშვნელოვნებაზე ხაზგასმისას, TCD-ის უფროსმა ავტორმა და გენეტიკოსმა, აოიფე მაკლიზათმა, თქვა: "ამ გენების იგნორირება მოსახერხებელია, რადგან მათი შესწავლა რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მეტად იქნება აღიარებული, რომ ეს გენები შესწავლასა და განხილვას საჭიროებს. თუკი მართლები აღმოვჩნდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გენომში ბევრად უფრო მეტი ფუნქციონალურად რელევანტური მასალა იმალება."

ევოლუცია, არსებითად, არის ცვლილება ჩვენს ქცევაში, ფიზიოლოგიასა და გენეტიკურ შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ მიმდინარე კვლევა არ არის ერთადერთი კვლევითი ნაშრომი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები მუდმივად ვითარდებიან. წარსულში ასევე იყო კვლევები, რომლებიც ნათელს ჰფენს მიმდინარე ევოლუციურ ცვლილებებს.

მაგალითად, 2016 წელს კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პუნეში (ინდოეთი) ბევრმა ადამიანმა, რომლებიც (და მათი წინა თაობები) მხოლოდ ვეგეტარიანულ დიეტას იღებდნენ, განიცადეს FADS2 (ცხიმოვანი მჟავა დეზატურაზა 2) გენის მუტაცია. ეს კონკრეტული მუტაცია საშუალებას აძლევს მათ სხეულს, გადააქციოს ომეგა ცხიმოვანი მჟავები ტვინის მკვებავ საკვებ ნივთიერებებად. ასეთი მუტაციები არ დაფიქსირებულა ხორცის მჭამელებში ან ადამიანებში, რომლებიც ყველანაირ საკვებს იღებდნენ.

სტენფორდის უნივერსიტეტის 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა შეიცვალა 37°C-დან 36°C-მდე. NASA-ს ცნობით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა იმავე წლებში გაიზარდა 1,1°C-ით.

არსებობს მრავალი სხვა კვლევითი ნაშრომი, რომელიც მიუთითებს ადამიანის სხეულსა და გენომში სხვადასხვა ახალ განვითარებაზე. ყველა ეს ახალი ადაპტაცია, ცვლილება და გენი არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ევოლუცია ჯერ კიდევ გრძელდება.

ახლად აღმოჩენილი 155 გენი ასევე შეიცავს უამრავი შეუსწავლელ ინფორმაციას ადამიანის გენეტიკის შესახებ. აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვლევა არის დიდი ნაბიჯი იმ ცვლილებების იდენტიფიცირებისა და შესწავლისკენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, მომავალში განვიცდით.