სტივენ სპილბერგი ნანობს, რომ

სტივენ სპილბერგი ნანობს, რომ "ყბებმა" ზვიგენების პოპულაციის შემცირება გამოიწვია

1975 წელს გამოსულმა ფილმმა Jaws, რომელიც თრილერის ჟანრის კლასიკაა, სტივენ სპილბერგის კარიერაში გარდამტეხი როლი ითამაშა. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელ კინორეჟისორს ფილმთან სინანულიც აკავშირებს.

ლეგენდარული კინოხელოვანი ცოტა ხნის წინ BBC-ის რადიოგადაცემაში იყო სტუმრად, სადაც ყბები გამოსვლიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მოიგონა.

"ჯერ კიდევ მეშინია, რომ ზვიგენი შემჭამს", — ამბობს სპილბერგი ინტერვიუში, — "ზვიგენები რატომღაც მერჩიან, რადგან 1975 წლის შემდეგ მათზე გაშმაგებული ნადირობა დაიწყო. ამას კი დღემდე ვნანობ, მართლა".

ზვიგენების კვლევის ერთ-ერთი პროგრამის ცნობით, ყბების ნახვის შემდეგ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ ათასობით მეთევზე დაიძრა ამ ცხოველებზე სანადიროდ.

იმის მიუხედავად, რომ ფილმმა სამი ოსკარი, ოქროს გლობუსი და ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა, სპილბერგი ნანობს, რომ მისმა ნამუშევარმა საზოგადოებაში ზვიგენებისადმი უარყოფითი განწყობები გააღვივა.

კინოსურათში, რომელიც პიტერ ბენჩლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, მოქმედება გამოგონილ ქალაქ ემითი აილენდში ვითარდება — დასახლებაში, რომლის მცხოვრებებიც თეთრი ზვიგენის შიშში ცხოვრობენ, მკვლელ ცხოველზე ნადირობა იწყება.

კვლევა მიუთითებს, რომ ფილმის გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ ზვიგენების პოპულაცია აშშ-ის გარშემო წყლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

სხვათა შორის, სპილბერგის მსგავსად, სინანული ჰქონდა წიგნის ავტორსაც. ბენჩლის განცხადებით, წიგნს არ დაწერდა, მანამდე რომ უფრო მეტი გაეგო ზვიგენებზე.

"დღევანდელი ცოდნით ამ წიგნს არასდროს დავწერდი", — აღნიშნა ავტორმა, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა.

წიგნის გამოცემის შემდეგ მწერალი ზვიგენებისა და ოკეანის ბინადრების თავგამოდებული დამცველიც გახდა.