Netflix-ის დოკუმენტური სერიალის შემდეგ პრინც უილიამს ჰარისთან საუბრის სურვილი აღარ აქვს

Netflix-ის დოკუმენტური სერიალის შემდეგ პრინც უილიამს ჰარისთან საუბრის სურვილი აღარ აქვს

სამეფო კორესპონდენტის თქმით, Netflix-ის დოკუმენტური სერიების Harry & Meghan ეთერში გასვლის შემდეგ, პრინც უილიამს სურვილი აღარ აქვს, ჰარისთან კომუნიკაცია ჰქონდეს. ერთ-ერთ სერიაში საუბრისას ჰარიმ აღნიშნა, რომ 2020 წელს, როცა მას და მეგანს ბრიტანეთის დატოვება სურდათ, უილიამმა უყვირა და მხარდაჭერა არ გამოუცხადა. მან ძმასა და მის ოფისს ასევე ბრალი დასდო მედიისთვის მეგანისა და ჰარის რეპუტაციის დამაზიანებელი ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში.

პრინცი უილიამი და ჰარი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა და დაიძაბა.

სამეფო კორესპონდენტების აზრით, ნეტფლიქსის ახალი სერიები კიდევ უფრო გაამწვავებს ძმებს შორის დაძაბულობას, ვინაიდან ჰარი უშუალოდ უილიამს ადანაშაულებს საკუთარი იმიჯის დასაცავად ძმაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ჰარის თქმით, იმისთვის, რომ პრესამ შენზე უარყოფითი ინფორმაცია არ გაავრცელოს, სანაცვლოდ სხვა უარყოფითი ინფორმაცია უნდა მიაწოდო: "მირჩევნია პრესამ გამანადგუროს, ვიდრე მეც იგივე თამაში ვითამაშო და ასე ვივაჭრო ამბების გაცვლით პრესასთან. როცა ვხედავდი, რომ ჩემი ძმის ოფისი იმას აკეთებდა, რასაც ჩვენ ორნი ერთმანეთს დავპირდით, რომ არ ვიზამდით, გული მეტკინა."

ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ გული სწყდება, ძმას რომ დაშორდა: "ჩემი ძმა სამეფო ინსტიტუტის მხარესაა და არა — ჩემს მხარეს, თუმცა ნაწილობრივ მესმის, ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა."