ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ერთ-ერთ ოფისთან 24 ივნისს მომხდარ აფეთქებაში უბედური შემთხვევა გამორიცხეს. ექსპერტებმა აფეთქებას წინასწარ დაგეგმილი უწოდეს. მათივე შეფასებით, მსგავსი ფაქტი რომ ისრაელში მომხდარიყო, მას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცემოდა.
ნუცუბიძის ქ. 57-ში კომპანია „ქართული ფოლადის“ ოფისში აფეთქება 24 ივნისს მოხდა. აფეთქების შედეგად კომპანიის თანამშრომლები ალეკო მაისურაძე და ზაზა ნინიძე დაიღუპნენ. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ და დაგროვებამ გამოიწვია. იმავე დღეს უბედური შემთხვევა გამორიცხა ჯოზეფ ქეიმაც და მომხდარი მის აქტიურობას დაუკავშირა.
ექსპერტ კრიმინალისტის ზოჰარ გალპასის განცხადებით, „ქართული ფოლადის“ ოფისში აფეთქება ბუნებრივი აირის შეგნებულად გაჟონვით განხორციელდა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, მისი და ექსპერტ აბრაჰამ შტეინფილდის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ შენობაში ბუნებრივი აირი დიდი ხნის გადაკეტილი იყო. მისივე თქმით, ვინაიდან ექსპერტები ინციდენტიდან სამი დღის მერე ჩამოვიდნენ, ექსპერტიზის ჩატარება ცოტა გართულდა, თუმცა მას ამ საქმეში ქართულმა სამართალდამცველებმა და ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურო დიდი დახმარება გაუწიეს.
„საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა დაგვედგინა, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად განხორციელდა, ჩვენ გამოვკითხეთ ადამიანები, რომლებიც ამ შენობაში იმყოფებოდნენ, ვნახეთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტები, შევისწავლეთ ნივთმტკიცებები და დავადგინეთ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში ბუნებრივი აირი რამდენიმე თვის გადაკეტილი იყო, დავიწყეთ ძიება, თუ საიდან შეიძლებოდა, მოხვედრილიყო ბუნებრივი აირი შენობაში.
დადგინდა, რომ ოთახში სპეციალურად ფანჯრიდან შემოყვანილი იყო პატარა მილი, რომელიც დაახლოებით 20 წუთში დამონტაჟდა, ის ცენტრალურ მილსადენს შეუერთეს და ოთახში გაზი სწორედ მაშინ გაუშვეს, როცა იქ ორი ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევას ამ ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა. ჩვენი საბოლოო დასკვნა ის არის, რომ არ ყოფილა არანაირი ტექნიკური ხარვეზი და შენობაში ბუნებრივი აირი სპეციალურად გაუშვეს. ანუ აფეთქება განზრახ ჩადენილ დანაშაულად ფასდება. ეს იმისთვის მოხდა, რომ შენობაში მყოფი ადამიანების მსხვერპლი დამდგარიყო და შენობა დაზიანებულიყო“, - განაცხადა ზოჰარ გალპასიმ.
ნუცუბიძის N57-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა (უბედური შემთხვევა) კომპანია „ქართული ფოლადის“ დირექტორი ნათია ჯაყელი მოითხოვს კვალიფიკაციის შეცვლას, რადგან მისივე განცახდებით, იმ შენობაში გაზი არ ყოფილა და, რომ იქ გაზი გაჩნდა, ეს არაა შემთხვევითობა. როგორც ჯაყელი ამბობს, ეს არის ხელოვნურად მოწობილი ტერორისტული აქტი, რომლის უკან ყოფილი ხელისუფლება და ბადრი პატარკაციშვილების ოჯახი დგას.
პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატის ლაშა ბირკაიას განცხადებით, „ქართული ფოლადის“ ხელმძღვანელობა ამორალურად იქცევა.
„ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, რომ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკიდურესად ამორალური შემთხვევაა, როცა კონკრეტული ადამიანების უბედურებით მანიპულირება ხდება და ამ უბედურებით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნულის გამო სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები კონკრეტული პირების მიმართ“, - განაცხადა ბირკაიამ.
ნათია ჯაყელი კომპანიის ოფისის აფეთქებაში წინა ხელისუფლებას და პატარკაციშვილების ოჯახს ადანაშაულებს.
ნათია ჯაყელი: ისრაელიდან მოწვეული ესპერტების დასკვნის ქართულად თარგმნა უკვე დასრულებულია, რასაც პროკურატურას გადავცემთ. ვითარება არ შეცვლილა, პირიქით, მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი.
ტერორისტული აქტის ორგანიზატორად თქვენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და წინა ხელისუფლება დაასახელეთ. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს დაადასტურებს?
- ზაზა ნინიძე და ალეკო მაისურაძე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პირადი მტერი არ ჰყოლიათ, ამ ადამიანება ისე იცხოვრეს, რომ სიკეთის გარდა არაფერი უკეთებიათ. მათი პირადი ინტერესი ნამდვილად არავის ჰქონია გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები იდგნენ სიმართლის და სამართლიანობის გვერდით, იბრძოდნენ ჩვენს გვერდით. უბრალოდ, ვინც შეუკვეთა და შეასრულა ეს ტერორისტული აქტი, მათ გათვლა უფრო მეტ მსხვერპლზე ჰქონდათ, ვიდრე იმაზე რაც მიიღეს. ამათ უნდოდათ მთელი ჯგუფის განადგურება. სამწუხაროდ, ეს ორი ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას.
მე არ მესმის, რა მოტივი შეიძლება, გქონდეს, როცა საუბარია ორი ან 10 ადამიანის სიკვდილზე, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ჩვენ უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, ვითხოვთ 2011 წლის 6 ივნისს ძველ ხელისუფლებასა და ინა გუდავაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარის უკანონო მითვისება დასტურდება და ამ ხელშეკრულებით „ქართული ფოლადი“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან ჯარის მეშვეობით გამოაგდეს.
ანუ, პატარკაციშვილის ოჯახმა 39 მილიონ ლარი მიითვისა, რაც თქვენ გაახმაურეთ და ამის გამო დაიგეგმა ეს ტერორისტული აქტი?
- დიახ.
როგორ და რა გზით მიითვისა ინა გუდავაძემ 39 მილიონი?
- 39 მილიონის თემა წარმოქმნილია იქიდან, რომ ინა გუდავაძემ და მისმა ჯგუფმა ხელოვნურად შექმნილი მაქინაციებით ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი მოიპარეს. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით რამდენიმე თემაზე და მათ შორის 39 მილიონის მითვისებაზე. ზაზა და ალეკო იყვნენ „ქართული ფოლადის“ თანამშრომლები, ისინი იყვნენ ჩემი თანამშრომლები და ამ ბრძოლაში რომელიც 1-ელ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაბრუნებლად დავიწყეთ, ვიყავით ერთად. უბრალოდ, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომ ეს ორი ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას.
ინა გუდავაძემ და მისმა ჯგუფმა ბიუჯეტიდან 39 მილიონი მოიპარა. 2011 წლის 6 ივნისს ჯარის გამოყენებით ძალით გამოგვყარეს ქარხნიდან. ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ გაასაჯაროონ 2011 წლის 6 ივნისის ხელშეკრულება, რომელიც ინა გუდავაძემ გააფორმა მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან. ამ ხელშეკრულების გასაჯაროებით ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
თქვენ დაახლოებით თუ იცით რა წერია ამ ხელშეკრულებაში რომელიც ყოფილ ხელისუფლებასა და ინდა გუდავაძეს შორის დაიდო?
- ამ დოკუმენტს, რატომღაც, დღესაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ზაზა ნინიძე იყო ის ადამიანი, რომელიც კარდაკარ არკვევდა როგორ შეიძლებოდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება, რომ იურიდიული გზით სწორად წავსულვიყავით. რაც შეეხება იმას, ვიცი თუ არა ამ დოკუმენტში რა წერია, თბილისი პატარა და ჭორიკანა ქალაქია. 2 წლის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროებიდან ერთი და იგივე ინფორმაცია მომდის იმაზე, რა წერია ამ დოკუმენტში და მინდა გითხრათ, რომ კარგი არაფერი არ წერია. აბსოლუტურად განსხვავებული წყაროები არ შეიძლება ერთი და იგივეს გიყვებოდნენ. 99%-ის სიზუსტით ვიცი რა წერია ამ შეთანხმებაში.
ამ შეთანხმებით გუდავაძის მმართველობაში გადავიდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა?
- 2011 წლის 6 ივლისს 3 საათზე გადის რეპორტაჟი, რომ ინა გუდავაძე სახელმწიფოსთან წყვეტს დავას მთაწმინდის პარკსა და ტელეკომპანია „იმედზე“. ამ შეთანხმებას პირდაპირ ეთერში მოეწერა ხელი. ზუსად 2 საათში ქარხანაში შემოდის სპეცრაზმი კახა ლეგაშვილის „სარდლობით“. ელემენტარული ლოგიკაა საჭირო, რომ ამ შეთანხმებას დაუკავშირო ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად განახორციელა ინა გუდავაძემ. მერწმუნეთ, რომ თუ ეს ხელშეკრულება გასაჯაროვდება ბევრ საინტერესო დეტალს ამოიკითხავს იქ საზოგადოება. რასაც მე ახლა გეუბნებით, ამ თითოეულ სიტყვის უკანა არის მტკიცებულებით გამყარებული დოკუმენტი.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტს გრიფი იმიტომ დაედო, რომ ხელშეკრულების დეტალები რომელიც მნიშვნელოვანია, არ გახდეს საჯარო?
- დიახ ასეა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია ამ დოკუმენტში და როდესაც ეს დოკუმენტი ოფიციალურად მექნება ხელში, პირველი ვისაც მივაწვდი, ეს იქნება მასმედია, რომ საზოგადოებამ ბევრ კითხვაზე მიიღოს პასუხი. უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ, რომ ეს ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტი წინა ხელისუფლებასა და პატარკაციშვილების ოჯახის ინტერესში შედიოდა.
მარტო ამ დოკუმენტის გამო არა, ყველა იმ ქმედების გამო მოხდა ეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ძალიან მკვეთრ განცხადებებზე გადავედით. ამას ემატებოდა ჯოზეფ ქეის განცხადებები და ჩვენებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ, ეს ტანდემი, რომელიც ასე ხორცშესხმული გახდა 2011 წლის 6 ივლისის შემდეგ, დღემდე მოდის, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს თომას ბლეიქის, გიორგი ვაშაძის და გიგი უგულავას მიერ ჯოზეფ ქეის მისამართით გაკეთებული განცხადებები.
პარატკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯოზეფ ქეი ძალიან დაახლოებული პიროვნება იყო ყოფილ ხელისუფლებასთან...
- მესმის, მაგრამ რას ნიშნავს დაახლოებული პიროვნება. მე მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ ამ საკითხებში და გეტყვით, დაახლოებული პიროვნება იყო თუ არა ხელისუფლებასთან. „ქართულ ფოლადს“ 2 წლის განმავლობაში არ გააჩნდა საჯარო და სამეწარმოო რეესტრი. ჯოზეფ ქეი დაახლოებული და სახელმწიფოსთან შეკრული ბიზნესმენი თუ იყო, მაშინ უზარმაზარი მონსტრი 2 წელი რატომ მუშაობდა საჯარო და სამეწარმოო რეესტრის გარეშე?
ექსპერტ კრიმინალისტის ზოჰარ გალპასის განცხადებით, „ქართული ფოლადის“ ოფისში აფეთქება ბუნებრივი აირის შეგნებულად გაჟონვით განხორციელდა. თუ ჰყავს ამ ფაქტს თვითმხილველი, რომელმაც ნახა როგორ შეიყვანეს მილი სარკმელში?
- გამოძიება მიდის და დიდი იმედი მაქვს, მჯერა, რომ გამოიძიებენ სწორად და ამ ტრაგედიას ფარდა აეხსნება. იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვიყავით ცენტრალური მილი იყო ჩახსნილი. ვიღაცამ სპეციალურად აიღო მილი, შეყო სარკმელში, შემდეგ ეს მილი შეუერთა გაზის ცენტრალურ მილს, გახსნა გაზის ცენტრალური მილის დაკეტილი ონკანი და მოხდა აფეთქება. თუ შეიძლება ეს ვინმეს შემთხვევით გაეკეთებინა, არ ვიცი. ეს დადასტურებული ფაქტია, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. შემთხვევით ასეთი რამ არ ხდება. დასკვნა, რომელიც ექსპერტებმა მიიღეს, სამართლდამცველ ორგანოებს გადაეგზავნათ და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ დაისჯებიან, როგორც მომხდარის დამკვეთები, ისე შემსრულებლები.
პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატი ლაშა ბირკაია უარყოფს ინა გუდავაძის კავშირს ამ აფეთქებასთან. ის ამტკიცებს, რომ ამორალური შემთხვევაა, როცა კონკრეტული ადამიანების უბედურებით მანიპულირება ხდება და ამ უბედურებით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ...
- ნამდვილად არ ვაპირებ ბირკაიასთან პოლემიკაში შესვლას. ამორალურობა, ბიუჯეტის ქურდობა და ძალადობა თავისკენ მოიკითხოს ყველამ. რომელ ამორალურობაზეა ლაპარაკი? ჩვენ გვქონდა ორი ვარინატი, ან ხმა არ უნდა ამოგვეღო საერთოდ, ან პირიქით, ხმა უნდა ამოგვეღო. ჩვენ თუ ხმამაღლა არ ვიყვირეთ ამ ბიჭების სისხლი ისე შერჩება ყველას, როგორც სხვა რამ. ეს ადამიანები მოკლეს იმიტომ, რომ სიმართლისთვის იდგნენ ჩვენს გვერდით. ბირკაია კი ამას არასოდეს არ იყვირებს.