უკურნებელი დაავადების მქონე 11 წლის ბიჭისთვის ჯონი დეპი ჯეკ ბეღურად გადაიქცა

უკურნებელი დაავადების მქონე 11 წლის ბიჭისთვის ჯონი დეპი ჯეკ ბეღურად გადაიქცა

ჯონი დეპმა კარიბის ზღვის მეკობრეების მთავარი პერსონაჟის, ჯეკ ბეღურას, როლი კიდევ ერთხელ მოირგო — ამჯერად უკურნებელი დაავადების მქონე 11 წლის ბავშვის, კორისთვის ერთ-ერთი ბოლო სურვილის ასახდენად.

"წარმატებებს გისურვებ. მე შენი ნომერ პირველი ფანი ვარ, კაპიტანო კორი". — მიმართავს დეპი ბავშვს.

კორის გულის დაავადება აქვს, რის გამოც 2018 წელს ახალი გული გადაუნერგეს. წარუმატებელი ოპერაციის გამო, ბავშვს იგივე ოპერაცია მეორედ დასჭირდა, თუმცა უშედეგოდ. კორიმ ექიმებთან და მშობლებთან ერთად გადაწყვიტა, მტკივნეული პროცედურა მესამედ აღარ გაიმეოროს.

კორის დედის თქმით, მეორე ოპერაცია ბავშვისთვის ძალიან მტკივნეული და სტრესული იყო. მას ლაპარაკისა და სიარულის სწავლა, ფაქტობრივად, ახლიდან მოუხდა. ამის გამო, ბავშვს მესამედ ცდის სურვილი აღარ აქვს. მშობლებმა და ექიმებმა არ იციან, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს კორი.

"ეს მხოლოდ მისი კი არა, ექიმების გადაწყვეტილებაც იყო. ამ დასკვნამდე მარტივად არ მივსულვართ, თუმცა გადაწყვეტილებაში მის აზრს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მას ესმის, რაც მოხდება", — განაცხადა ბავშვის დედამ.

კორიმ ცოტა ხნის წინ იუთუბზე არხი გააკეთა, რომელზეც ჯონი დეპის ვიდეო დადო. არხს უკვე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთა შორის დუეინ ჯონსონიცაა.