„ტიტანიკის“ რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა გადაწყვიტა წერტილი დასვას მრავალწლიან კამათში, რომელიც მისი ლეგენდარული ფილმის ფინალს ეხება. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარი ლეონარდო დი კაპრიოს გმირის, ჯეკის სიკვდილის სცენაზეა. საქმე იმაშია, რომ ფილმის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯეკის გადარჩენა შესაძლებელი იყო. კემერონმა თავისი სცენარის სისწორის დასამტკიცებლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და კასკადიორები დაიქირავა, შემდეგ კი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც ტივზე გდაღებული სცენა გამეორდა.
რეჟისორის თქმით, ექსპერიმენტში 2 კასკადიორი მონაწილეობდა, რომელთა წონაც ფილმში მთავარი როლების შემსრულებლების - კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დი კაპრიოს სხეულების მასას შეესაბამებოდა. ისინი წყალში მოათავსეს და სხვადასხვა ტესტი ჩაატარეს. კემერონი ამტკიცებს, რომ ყველა კვლევამ დაამტკიცა - ასეთ პირობებში ორივე ადამიანი ვერ გადარჩებოდა, მხოლოდ ერთი მათგანი.
„მეცნიერული კვლევა ჩავატარეთ, რათა ამ დისკუსიაში ერთხელ და სამუდამოდ დავსვათ წერტილი“, - განაცხადა რეჟისორმა და დასძინა, რომ მაყურებელი ამ ექსპერიმენტს თებერვალში ნახავს, როდესაც ეკრანებზე „ტიტანიკის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვა.
„ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა. ფილმი „ოსკარზე“ სულ 14 ნომინაციაში იყო წარმოდგენილი, საიდანაც 11-ში გაიმარჯვა.