გუშინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ „Billboard” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ჯგუფი „Maroon 5“-ის ლიდერი, 34 წლის ადამ ლევინი დაქორწინებას აპირებს.
მუსიკოსის რჩეული ცნობილი მოდელი, 24 წლის ბეჰატი პრინსლოუ გახლავთ. თავის სფეროში ბეჰატის სახელი კარგადაა ცნობილი. 24 წლის ქალიშვილი „Victoria’s Secret”-ის წამყვანი მოდელია.
შეყვარებულებმა ერთმანეთი 2012 წლის ზაფხულში გაიცნეს. მიმდინარე წლის დასაწყისში ურთიერთობა გაწყვიტეს. განშორება ხანმოკლე გამოდგა და სამი თვის წინ მათი კავშირი კვლავ აღსდგა.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ვარსკვლავური წყვილის ჯვრისწერის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის დასასრულს გაიმართება.
ადამ ლევინს გამოუსწორებელი მექალთანის რეპუტაცია გააჩნია. სხვადასხვა დროს მის მიჯნურთა რიგებში ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, მსახიობი ჯესიკა სიმპსონი, მოდელები არიელ ვანდერბერგი და ანა ვიალიცინა ირიცხებოდნენ. ბოლოს და ბოლოს ბატონ ადამს ასაკი მოემატა, დაჭკვიანდა და სერიოზული ცხოვრების დაწყება განიზრახა.