ბრიტანული გამოცემა „The Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ ქალაქ ლონდონში მდებარე „Bonhams”-ის აუქციონზე, თავის დროზე ჯონ ლენონის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი „ფერარი“ 359 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
აუქციონის მომწყობების თავდაპირველი ვარაუდით, მანქანა 180-220 ათას გირვანქა სტერლინგად გასაღდებოდა, მაგრამ რეალობამ მათი მოლოდინი არ გაამართლა.
„ფერარი 330 GT 2+2 Coupe“ ჯონ ლენონმა 1965 წელს შეიძინა. იმ წლის თებერვალში სახელოვანმა მუსიკოსმა მართვის უფლება აიღო და საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა.
ამ მანქანით ლენონი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა და დაახლოებით 20 ათასი კილომეტრის დაფარვა მოასწრო. 1967 წელს ჯონმა „ფერარი“ გაყიდა და სხვა ავტომობილი შეიძინა.
უცნობია „ფერარის“ ახალი მფლობელის ვინაობა. ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, ის „The Beatles“-ის შემოქმედების მავანმა და მავანმა ავსტრალიელმა თაყვანისმცემელმა შეიძინა. ამ პიროვნებამ საკუთარი ვინაობის დასახელება არ მოისურვა.