ორი დღის წინ ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ იტალიური „ნაპოლისგან“ ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი შეიძინა. ამ სატრანსფერო გარიგების შემდეგ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პარიზული გუნდის შვედი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა.
აღმოჩნდა რომ ახალი კონკურენტის გამოჩენის შემდეგ იბრაჰიმოვიჩს ერთგვარი დისკომფორტი შეექმნა. კულუარული ცნობით ზლატანს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურდა.
„სურდა“ ვახსენეთ და შვედი მომავალ სეზონს კვლავ „პარი სენ ჟერმენში“ გაატარებს.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com” პარიზული კლუბის არაბ პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის ესაუბრა, რომელმაც იბრაჰიმოვიჩის წასვლა კატეგორიულად გამორიცხა.
„ედინსონ კავანიში ასტრონომიული თანხა (63 მილიონი ევრო) იმიტომ გადავიხადეთ, რომ შეტევაში უძლიერესი დუეტი გვყოლოდა. მომავალ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა და ედინსონმა ევროპის ჩემპიონთა ლიგა უნდა მოგვაგებინონ. ამის გარდა უახლოეს სამ წელიწადში საფრანგეთში პირველობის დათმობას არ ვაპირებთ. ამ მიზეზების გამო ზლატანს არსად გავუშვებთ.“ - განაცხადა ბატონმა ალ-ჰელაიფმა.