უკვე მთელ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ლეგენდარული საგის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე წიგნი გამოვიდა.
მას შემდეგ სატახტოთა თამაშის, იმავე Game of Thrones-ის, გულშემატკივრები მოთმინებით (ზოგიც მოუთმენლად) ელოდებიან, როდის გამოვა სერიის მეექვსე წიგნი, ზამთრის ქარები.მარტინი ჯერ კიდევ ორი წლის წინ ირწმუნებოდა, კარანტინში ყოველდღიურად ვწერ და იმედია, 2021-ში პანდემიასთან ერთად ზამთრის ქარებიც დასრულდებაო. აბა, კი გემახსოვრებათ, რომ 2021-ში არც ერთი დასრულებულა და არც მეორე. და ახლა, როცა უკვე 2023 დგება, კორონავირუსის პანდემია შორეულ მოგონებად ჩანს, სატახტოთა თამაშის მეექვსე ტომს კი მკითხველები ისევ ელოდებიან.
ფანები მიხვდნენ, რომ მარტინზე არც დაპატიმრების მუქარა ჭრის, ამიტომ ახლა მართლა მოთმინებით უცდიან ზამთრის ქარებს.
ამერიკელ ტოლკინად წოდებულმა ავტორმა შარშან განაცხადა, რომ 2020-ში ფენტეზი საგის მეექვსე წიგნის "ასობით გვერდი" დაწერა. რამდენიმე თვის წინ ისიც დააზუსტა, რომ წიგნის, დაახლოებით, სამი მეოთხედი აქვს დასრულებული.
ახლახან კი, მარტინი სტივენ კოლბერტის სატირულ ტელეგადაცემაში მიიწვიეს, სადაც სატელეფონო ზარით კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯეიმს პეტერსონი, ჩაერთო.
მარტინმა იხუმრა, რომ მისი დედლაინი 11 წლის წინ გავიდა, შემდეგ კი გაგვიმხილა, რომ ზამთრის ქარები უკვე ათას გვერდზე მეტს ითვლის.
"დაახლოებით, 1 100, 1 200, რაღაც მაგდენი გვერდი მაქვს დაწერილი", — ამბობს მარტინი, — "თუმცა, დასრულებული ჯერ არაა. კიდევ 400 თუ 500 გვერდი დამრჩა".
პეტერსონმა მას ურჩია, ის 1 100 გვერდი აიღე და სამ წიგნად გაყავი, ყოველ წელს თითო გამოუშვი, შენი მკითხველებიც ბედნიერები იქნებიან, შენ კი გეგმას გაუსწრებ წინო.
ჯეიმსმა კი იხუმრა, მაგრამ მარტინი ასე წინათაც მოქცეულა. ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ბოლო ორი ნაწილი, ყვავების ნადიმი და ცეკვა დრაკონებთან თავდაპირველად ერთ წიგნად იყო ჩაფიქრებული.
სხვათა შორის, ზამთრის ქარები მარტინის ამ ცნობილი საგის ბოლო ტომი არაა. ავტორი აპირებს, მეშვიდე წიგნიც დაწეროს — გაზაფხულის სიზმარი.
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პირველი წიგნი, სატახტოთა თამაში, ჯერ კიდევ 1996 წელს დაიბეჭდა. მარტინმა კიდევ ოთხი წიგნი შემატა საგას, თუმცა სერიის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც HBO-მ 2011 წელს ნაწარმოების მიხედვით სერიალის გადაღება დაიწყო. სერიალი, რომელიც პირველი წიგნის სახელს ატარებს, გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეპროექტი აღმოჩნდა. ის, რვა სეზონის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა.