ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები კატარიდან ჩამოიყვანს კატას, რომელიც გუნდის თილისმა გახდა

ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები კატარიდან ჩამოიყვანს კატას, რომელიც გუნდის თილისმა გახდა

ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები კატარიდან სამშობლოში ჩამოიყვანს კატა დეივს, რომელსაც მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე დაუმეგობრდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეივი ფეხბურთელებს ქალაქ ვაკრაში, მათ სავარჯიშო ბაზაზე შეუერთდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მათ არაოფიციალურ თილისმად იქცა. სანამ ნაკრები კატარში იყო, მოთამაშეები მის კვებაზე ზრუნავდნენ, ეთამაშებოდნენ და სოციალურ ქსელებში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

ყველაზე კარგი ურთიერთობა კი დეივს „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეებთან ჯონ სტოუნზთან და კაილ უოკერთან ჩამოუყალიბდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში დეივს სახლში წამოიყვანდნენ, მაგრამ საფრანგეთთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ მიხვდნენ, რომ კატის კატარში დატოვებას ვერ შეძლებენ.

თუმცა, სანამ დეივი ფეხბურთელებს შეუერთდება მას სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. კატა ჯერ ადგილობრივ ვეტკლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ანალიზები და აცრები ჩაუტარდა, მერე 4 თვეს კარანტინში გაატარებს და უკვე ამის შემდეგ ჩაიყვანენ ლონდონში.

დეივის ამბავს უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მცხოვრები კატა ლარი, რომლის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი: „კეთილი იყოს შენი გუნდში მოხვედრა, დეივ“.