სანდრა რულოვსის გამო დიპლომატები აეროპორტში სამი საათი ალოდინეს

სანდრა რულოვსის გამო დიპლომატები აეროპორტში სამი საათი ალოდინეს

12 ივლისს ბათუმი-თბილისის ავიარეისის მგზავრებს ბათუმის აეროპორტში ორ საათზე მეტხანს ლოდინი მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ ამ რეისით უნდა ემგზავრათ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს მთავრობის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამერბერგს, ასევე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ელჩს, რომლებიც ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციიდან „საქართველოს ევროპული გზა“ თბილისში მოფრინავდნენ.

ბათუმის აეროპორტში აღნიშნული რეისის მგზავრებს განუმარტეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარკვეული პრობლემები შეიქმა და რეისიც სწორედ ამის გამო გადაიდო, თუმცა წინასწარ ამის შესახებ მგზავრები გაფრთხილებულები არ ყოფილან.

რეისის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე აეროპორტში საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის გამოჩენამ. ისიც სწორედ ამ რეისით გამოფრინდა თბილისში, თუმცა სხვა მგზავრების მსგავსად, სამი საათი ლოდინი არ დასჭირვებია. იგი სწორედ თვითმფრინავის გაფრენის დროს მივიდა ადგილზე.

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ბათუმის აეროპორტში მისვლისას მგზავრებმა ჩვეულებრივად გაიარეს რეგისტრაცია, ასევე უსაფრთხოების შემოწმება, უკვე თვითმფრინავში ჩასხდომას ელოდებოდნენ, მაგრამ ამ დროს რამდენიმე ელჩს ჩასხდომის ბილეთებში ადგილები შეუცვალეს, კერძოდ, საუბარია საფრანგეთსა და იტალიის ელჩებზე, რომლებიც ნანუაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ჩასხდომის ბარათები უკვე გამოწერილი ჰქონდათ. ამის შემდეგ ბათუბი-თბილისის რეისის მგზავრებს უთხრეს, რომ რეისი ცოტა ხნით დაიგვიანებდა, თუმცა ამის მიზეზები არ განუმარტავთ.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ თვითონ დავიწყეთ რეისის გადადების მიზეზების გარკვევა (და ჩვენს შორის ძალიან ბევრი დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი იმყოფებოდა), განგვიმარტეს, რომ თბილისის აეროპორტი თვითმფრინავს ვერ ღებულობდა, ანუ პრობლემა იყო თბილისში, რაც ცოტა უცნაური გვეჩვენა, რადგან მოგეხსენებათ, თბილისში ღამის განმავლობაში ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება ხოლმე“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ მგზავრებს დაახლოებით 2.5 – 3 საათი ლოდინი მოუწიათ, თუმცა რეალურად რა გახდა რეისის გადადების მიზეზი, მათთვის უცნობი დარჩა. ოფიციალურად კი მხოლოდ ზემოთმოყვანილი განმარტება გაკეთდა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ რეისის გამოფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ადგილზე მივიდა საქართველოს პირველი ლედი, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა მას რეისის დაგვიანება, ამის შესახებ სახალხო დამცველმა არაფერი იცის. უჩა ნანუაშვილის თქმით, ბათუმი - თბილისის რეისი 22.40 წუთზე უნდა შესრულებულიყო.

როგორც ავიაკომპანია „აირზენაში“ განმარტავენ, რეისის ბათუმიდან გამოფრენა ორი საათით გადაიდო იმის გამო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაფრენი ზოლის შეკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და აეროპორტი ბათუმი - თბილისის რეისის მისაღებად მზად არ იყო.

„აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთი მგელაძემ for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს ამბავი 12 ივლისს მოხდა, ჟურნალისტები კი მას ამ თემაზე რატომღაც დღეს ურეკავენ, რაც მისთვის გაუგებარია. სანრდა რულოვსთან დაკავშირებით „აირზენას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს ასეთი პასუხი აქვს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენმა ბილიკმა არ მოგვცა ბათუმიდან გამოფრენის საშუალება და არ მესმის, რატომ ქმნით ასეთ პრობლემას ამ საკითხიდან. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო მგზავრი, სანდრა რულოვსი, თუ ვინმე სხვა, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის ყველა მგზავრი ერთია“, - განაცხადა ქეთი მგელაძემ.

მისი თქმით, ბათუმი - თბილისის რეისი 12 ივლისს 14.20 საათზე უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ამ შეფერხების გამო ორი საათის დაგვიანებით შესრულდა.

ვინაიდან „აირზენა“ თბილისის აეროპორტისკენ იშვერს ხელს, for.ge „ტავ ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა (რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა). კომპანიაში დაადასტურეს, რომ პერიოდულად ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ სამუშაოების ჩატარება ასე მოულოდნელად და ავიაკომპანიების გაუფრთხილებლად არ ხდება. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოსალოდნელი სარემონტო სამუშაოების ზუსტი გრაფიკის შესახებ ყველა იმ ავიაკომპანიას აფრთხილებენ წინასწარ, ვინც აეროპორტით სარგებლობს. მათ შორის არის „აირზენაც“, რომელსაც სხვა დანარჩენ ავიაკომპანიებთან ერთად, ამგვარი გრაფიკი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 8 აპრილს გადაეგზავნა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, ეს გრაფიკი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან დაიწყო ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე პერმანენტული სარემონტო სამუშაოები.

„ტავ ჯორჯიადან“ ის გრაფიკიც მოგვაწოდეს, რომელიც „აირზენას“ აპრილში გადაუგზავნეს. ამ გრაფიკიდან ირკვევა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 12 ივლისს 16.30-დან 22.59 საათამდე მიმდინარეობდა. ამდენად, იმ დროს, რომელსაც ასახელებს „აირზენა“ (14.20) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახალხო დამცველმა (რომელსაც რა თქმა უნდა ბილეთი ჰქონდა შეძენილი და გამოფრენის ზუსტი დროც იცოდა) ჩვენთან საუბარაში განაცხადა, რომ ბათუმიდან გამოფრენა 22.40 საათზე უნდა შესრულებულიყო. იგივეს გვიდასტურებენ „ტავ ჯორჯიაშიც“. ამიტომ ცოტა გაუგებარია „აირზენას“ მიერ მითითებული დრო.

და ბოლოს, რაც შეეხება სანდრა რულოვსს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანდრა რულოვსი თავს უფლებას აძლევს ალოდინოს ადამიანები.

როგორც ცნობილია, 2013 წლის 14 მაისს ოპერის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, საქართველოს პირველმა ლედიმ  ნახევარი საათით დააგვიანა და ყველა მის მისვლას ელოდებოდა.