ემიგრანტებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს

ემიგრანტებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებული ემიგრანტების“ თავმჯდომარე, ზვიად ზვიადაძე იყო სტუმრად და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე სპეციალური მიმართვა გააკეთა. ზვიადაძის თქმით, ერთი თვის წინ გააკეთა განცხადება, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აპირებენ და ემიგრანტებმა საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს - საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრიათ, უფლება მიეცათ კენჭი იყარონ საკანონმდებლო ორგანოში და სხვადასხვა არჩევით თანამდებობებზე.

„მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქე ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, თუ ბოლო სამი წელი საქართველოში არ უცხოვრია, ხოლო პარლამენტის წევრი და თბილისის მერი ვერ გახდება ადამიანი, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში. მოკლედ, ჩვენი მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთდა მიმართვა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხდება ემიგრანტების იგნორირება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკონსტიტუციო ცვლილებას ამზადებენ და, ალბათ, უახლოეს ორ კვირაში მიიღებენ კიდეც. ეს ცვლილება ერთი, ან ორი ადამიანის უფლებას ეხება. ჩვენი მოთხოვნა კი ერთი მილიონი ადამიანის უფლებას ეხება“, - აცხადებს ზვიად ზვიადაძე.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ათი ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ ემიგრანტები ამჯერად პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, რადგან დაახლოებით ერთი წლის წინ მასაც უკანონოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა სწორედ იმ მიზეზით, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო. ზვიადაძის თქმით, მაშინ ივანიშვილს ემიგრანტები გვერდით დაუდგნენ ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, და პირველი ოქტომბრის არჩევნებშიც ემიგრანტების თითქმის 80%-მა მხარი სწორედ ივანიშვილს დაუჭირა, „პირადად ივანიშვილს დავუჭირეთ მხარი და არა იმ ორპროცენტიან პარტიებს, დღეს პარლამენტში რომ არიან მოკალათებულები“, - აღნიშნავს ზვიადაძე.

მისი თქმით, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე არც ერთი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ასეთი მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია. ემიგრანტებს მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ძალიან ბევრი ემიგრანტი ამას აღიქვამს, როგორც ზურგში დანის ჩარტყმას.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ჩვენ პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავთ, რათა მან ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ასევე თხოვნით მივმართავთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს (რადგან ის ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ვისაც ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება მართლაც სურს და მის მხარდაჭერას ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ), რომ როგორმე ეს პროცესი შევაჩეროთ, რათა საქართველომ ათასობით მოქალაქე აღარ დაკარგოს. შემდეგ კი ერთად მოვძებნოთ გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან“, - ამბობს ზვიად ზვიადაძე.

ბატონო ზვიად, თქვენ ფიქრობთ, რომ ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა განაპირობა სურვილმა, რომ პოლიტიკაში ჩართულიყვნენ?

- არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. უბრალოდ დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგან მთავრობა სუსტია და ბევრ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ აქვს. ახლაც ამდენი დამნაშავე, კაცის მკვლელი და ბანდიტი ქუჩაში დადის, არც ერთი საქმე არ გამოძიებულა და პირველ რიგში, მიადგნენ ემიგრანტებს, რომლებიც მართლაც გულანთებული ქართველები არიან. მოგეხსენებათ, მილიონნახევარი ჩვენი თანამემამულე 32 ქვეყანაში ცხოვრობს. დღეს მსოფლიოში 200-ზე მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა, 70-ზე მეტი ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლია, 50-ზე მეტი ქართული სკოლა, 70-ზე მეტი სამრევლო და ა.შ. ეს ხალხი ქართულ საქმეს აკეთებს და ჩვენმა ხელისუფლებამ ადგა და ისინი ერთიანად მოკვეთა ქართული სახელმწიფოდან.

ამასთანავე, ასეთი ემიგრანტების რიცხვი კიდევ გაიზრდება და ალბათ 100 000-ზე ავა. ამ ადამიანებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ იმიტომ აქვთ, რომ იმ ქვეყანაში ლეგალურად იცხოვრონ, იმუშავონ და თავისუფლად გადაადგილდნენ, თორემ ქართულ პასპორტებს ყველა ინახავს და საქართველოს მოქალაქეობის დათმობა არავის უნდა. სააკაშვილმა რომ შემოგვითვალა - ვისაც სურვილი გაქვთ, მოგვმართეთ და მოქალაქეობას თავიდან მოგცემთო, ჩვენ სათხოვარი არავისთან არაფერი გვჭირს. 10 წელი არაფერი არავისთვის გვითხოვია, როდესაც ნახევარი „ქართული ოცნება“ ნაციონალების ფეხქვეშ იყო გაგებული და ახლა რატომ უნდა ვითხოვოთ?

როცა ადამიანს რამეს წაართმევ, ის არაფერს გთხოვს, ხოლო თუ თვითონ დატოვებს მოქალაქეობას, შემდეგ, ალბათ, მიმართავს პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. ამაზეა საუბარი. ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილს ხომ არ სთხოვა მოქალაქეობა? - სწორედაც მოიქცა. ასევე არ ვაპირებთ ჩვენს არაფრის თხოვნას. უბედურება ის არის, რომ საქართველო დაკარგავს ათასობით გულანთებულ ქართველს როგორც მოქალაქეებს, თორემ ეს ხალხი სხვადასხვა პასპორტებით კი ჩამოვა საქართველოში, მაგრამ არ მგონია, ეს საქართველოს ინტერესში შედიოდეს. სად ჰყავს საქართველოს დასაკარგი შვილები?

თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთი თვის წინ გააკეთეთ განცხადება, ეს იყო სატელევიზიო მიმართვა, თუ ხელისუფლებას ოფიციალურად, ანუ წერილობით მიმართეთ?

- ჩვენ პრეს-კონფერენცია გავაკეთეთ და ვთქვით, რომ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ვაპირებთ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თუ მიმართეთ?

- საქმე იმაშია, რომ კოტე სურგულაძე ძალიან კარგი მინისტრია და თავის გუნდთან ერთად კარგადაც მუშაობს, მაგრამ მოქალაქეობის უფლებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება მისი გადასაწყვეტი არ არის და სწორედ ამიტომაც ჩვენ პირადად პრემიერ-მინისტრს მივმართავთ. ჯერ პასუხი გაგვცენ ამაზე და თუ ჩვენს წინააღმდეგ ეს შეგნებულად გაკეთდა, მაშინ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცევით. მოგეხსენებათ, არც ერთ ინვესტორს არ ჩაუდია საქართველოში იმ ოდენობის თანხები, რასაც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ემიგრანტები გზავნიან და უცხოეთში ქართულ საქმეს აკეთებენ.