საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და სეირან ოჰანიანმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილული თემები გააცნეს. ირაკლი ალასანიამ ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ, მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებზე, რომელიც ქართველ და სომეხ ხალხს აკავშირებს. „ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ურთიერთობის სტადია. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა ზუსტად იმ გეგმით მიდის, რომელიც 2013 წელს დავსახეთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში 2014 წლისთვის იქნება განმსაზღვრელი. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოებისთვის“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„დღევანდელი მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ჩვენ შევაფასეთ ორი ქვეყნის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროს კუთხით, მომავალში თანამშრომლობის განვითარების გზები დავსახეთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რადგან ჩვენს ქვეყნებს ისტორიულად მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც მომავალ ერთობლივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ეს საფუძველს მოგვცემს ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას სტრატეგიული დაგეგმარების, სამთო პირობებში ჩვენი სამხედროების გაწვრთნის კუთხით გამოცდილების გაზიარების, ასევე სამხედრო განათლების სფეროში. სომხეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყანა, რომელიც მუდმივად ვითარდება“ - განაცხადა სეირან ოჰანიანმა.
დღესვე, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ურეკში და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.