ჯული ენდრიუსს ეეჭვება, რომ პრინცესას დღიურების მე-3 ნაწილს დაუბრუნდება

ჯული ენდრიუსს ეეჭვება, რომ პრინცესას დღიურების მე-3 ნაწილს დაუბრუნდება

პრინცესას დღიურების გულშემატკივრები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ, როცა Disney-ს გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს, რომ მია თერმოპოლისის შესახებ მე-3 ფილმის გადაღებას აპირებდნენ. კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ენ ჰეთეუეისგან მხარდაჭერის მოსმენა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ფილმზე მუშაობაში.

პირველი ორი ფილმი მეგ ქებოტის წიგნების სერიის მიხედვით გადაიღეს და ენთან ერთად მათში ლეგენდარული ჯული ენდრიუსიც მონაწილეობდა, რომელიც მიას ბებიის როლს ასრულებდა. პირველმა ფილმმა სტუდიოს $165,3 მილიონი მოუტანა, ხოლო მისმა გაგრძელებამ პრინცესას დღიურები: სამეფო ნიშნობა — $134,7 მილიონი. ენთუზიაზმითა და აშკარა შემართებით სავსე ენ ჰეთეუეიმ ისიც კი განაცხადა, მე-3 ნაწილის გადაღების პროცესში მაქსიმალურად ეცდებოდა ჯული ენდრიუსიც ჩაერთო.

"თუკი არსებობს შანსი, რომ ჯული ენდრიუსიც ჩავრთოთ ფილმში, ამასაც მოვახერხებდით, თუნდაც იქ წასვლა დაგვჭირვებოდა, სადაც ჯულია."

სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, თავად ჯული ენდრიუსს ეეჭვება პრინცესას დღიურების მე-3 ნაწილის გადაღების რეალურობა, განსაკუთრებით, კი მასში საკუთარი მონაწილეობა.

"მესამე ნაწილზე საუბარი მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც პრინცესას დღიურები: სამეფო ნიშნობა გადაიღეს, მაგრამ რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? მე გაცილებით ასაკოვანი ვარ ახლა და ენსაც საკმაოდ მოემატა წლები. არა მგონია, მესამე ნაწილში მონაწილეობა შესაძლებელი იყოს," — განაცხადა ენდრიუსმა.