რა გიშლით ხელს კარიერის გაკეთებაში

რა გიშლით ხელს კარიერის გაკეთებაში

წარმატებული კარიერა გსურთ? მაშინ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხასიათს, საქციელსა და გარეგნობას.

არ შეიძლება საკუთარი მიღწევების მიჩქმალვა და პასიურობა, კოლეგების ხარჯზე საკუთარი თავის წარმოჩენა. თუმცა, არც ზედმეტი აქტიურობა ვარგა: არ სდიოთ კუდში შეფს, დაიცავით სუბორდინაცია. თუ ზომიერად აქტიური იქნებით, ადრე თუ გვიან, ხელმძღვანელობა თქვენც დაგაფასებთ და თქვენ მიერ შეთავაზებულ იდეებსაც.

დაუშვებელია სამსახურში მოუწესრიგებელი სიარული. ქალი, რომელსაც ფრჩხილებზე ლაქი ამძვრალი აქვს და ვარცხნილობაც ყვავის ბუდეს მიუგავს, თუნდაც ჩინებული სპეციალისტი იყოს, კარიერას ვერ გაიკეთებს.

არ შეიძლება გამომწვევი სამოსითა და მაკიაჟით სამსახურში გამოცხადება. თქვენ ხომ ოფისში სამუშაოდ მიდიხართ და არა რომანების გასაბმელად? ამიტომ შეარჩიეთ საქმიანი სტილის სამოსი: ქვედაკაბა, პიჯაკი, საშუალო სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი. მკაცრი სამოსი შეგიძლიათ ნათელი ფერის ბლუზით გაახალისოთ.

ხელმძღვანელობა სამართლიანად მიიჩნევს, რომ კარგი აღნაგობისა და ჩვევების მქონე ადამიანი უფრო ჯანსაღი, თავდაჯერებული და შრომისუნარიანია. შესაბამისად, მეტის მიღწევაც შეუძლია.

პოლიტიკასა და დიდ ბიზნესში ქალისთვის ძნელია კარიერის გაკეთება. სამაგიეროდ, სხვა სფეროებში ეს არც ისე რთული მისაღწევია. მთავარია, დაამტკიცოთ, რომ პროფესიაში კოლეგა-მამაკაცებს ტოლს არ უდებთ. თუმცა, არ შეიძლება კარიერის მოწყობა მხოლოდ ქალური მომხიბვლელობის ხარჯზე, ოფისში ისტერიკების მოწყობა და პრივილეგიების მოთხოვნა.