როგორი იყო დრაკულა სინამდვილეში? — მმართველს

როგორი იყო დრაკულა სინამდვილეში? — მმართველს "ისტორიული ქიმიკოსები" შეისწავლიან

ბრემ სტოკერის "დრაკულას" გამოსვლიდან 125 წლის შემდეგ, მკვლევრებმა ტრანსილვანიაში დაახლოებით 500 წლის დოკუმენტის შესწავლა დაიწყეს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მთავარი გმირის პროტოტიპმა, ვლახეთის ლეგენდარულმა მმართველმა, ვლად III ცეპეშმა დაწერა.

მკვლევრები, გლებ და სვეტლანა ზილბერშტეინები, ეცდებიან, გაარკვიონ ოსმალებთან ომში გამორჩეული სისასტიკით ცნობილი მმართველის ცხოვრების, ჯანმრთელობისა და გარეგნობის დეტალები, რისთვისაც წერილზე დარჩენილი ოფლის, თითის ანაბეჭდებისა და ნერწყვის კვალს გამოიყენებენ.

ზილბერშტეინებს კვლევის სპეციფიკურობის გამო, ხშირად "პროტეინის დეტექტივებსა" და "ისტორიულ ქიმიკოსებს" უწოდებენ. არსებული მონაცემებით, მათ არა მხოლოდ თავად დრაკულას, არამედ იმ გარემოს შესახებაც შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, რომელშიც წერილი დაიწერა.

"ჩვენ ვპოულობთ იმ პერიოდის ბიოქიმიურ კვალს, როცა ამა თუ იმ ობიექტს ისტორიული პიროვნება ქმნიდა ან იყენებდა. როცა ამ "ისტორიულ ბიომოლეკულებს" აღმოვაჩენთ, მათ ვაანალიზებთ და განვსაზღვრავთ მოლეკულურ შემადგენლობასა და ასაკს. ჩვენ ცილებსა და მეტაბოლიტებს ვიკვლევთ. ეს მოლეკულები უფრო სტაბილურია, ვიდრე დნმ და ისტორიული პირის გარემოს, ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა და კვების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის", — განაცხადა გლებ ზილბერშტეინმა.

ზილბერშტეინები ყაზახეთში დაბადებული და ისრაელში, თელ-ავივში მცხოვრები მკვლევრები არიან. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ პიერ ჯორჯო რიგეტისთან ერთად მათ ბიოქიმიური ანალიზის მეთოდი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ისტორიული პირების მიერ გამოყენებული ნივთებიდან ცილების აღებაა შესაძლებელი. პირველი კვლევა "ოსტატი და მარგარიტას" ხელნაწერს ეხებოდა, რომლიდან აღებული ნიმუშებითაც მიხაილ ბულგაკოვის ცხოვრების დეტალები გაირკვა.

"ჩვენ ხელნაწერის ფურცლებზე მორფინისა და თირკმლების პათოლოგიის ცილები აღმოვაჩინეთ, რითაც დამტკიცდა, რომ ბულგაკოვი ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ მუშაობდა", — განაცხადა ზილბერშტაინმა.

ბულგაკოვის შემდეგ, მკვლევრებმა ანტონ ჩეხოვის უკანასკნელი წერილი და პერანგი შეისწავლეს, რომელიც მწერალს სიკვდილის მომენტში ეცვა, რის შედეგადაც გაარკვიეს, რომ ჩეხოვი ტუბერკულოზის სამკურნალოდ ძალიან ბევრი სახის წამალსა და ტკივილგამაყუჩებელს იღებდა, თუმცა სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მკვლევრების თქმით, 1475 წლის წერილის დამსახურებით, მალე მათ დრაკულას მოლეკულური პორტრეტი ექნებათ, რისი საშუალებითაც გაიგებენ ყველაფერს, რაც ვლახეთის მთავრის შესახებ აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო.