საბავშვო ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

2022 წლის საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა. 13 წლის შემსრულებელი ლისანდრო სიმღერით Oh Maman! საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან ტელემაყურებლისა და ჟიურისგან ჯამში 203 ქულა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა საბავშვო ევროფესტივალზე. საფრანგეთმა 2020 წლის ევროვიზია ჯუნიორიც მოიგო.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ კონკურსზე მე-3 ადგილი დაიკავა 161 ქულით. სხვათა შორის, მან ჟიურის მეორე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

საიუბილეო, რიგით მე-20, საბავშვო ევროვიზიას წელს სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა. ფინალურ შოუზე მაყურებელმა წინა წლების გამარჯვებულებიც იხილა — მათ შორის, ქართველი შემსრულებლები, ჯგუფი ბზიკები, ჯგუფი ქენდი და მარიამ მამადაშვილი.

საბავშვო ევროვიზიის 2022 წლის კონკურსში მონაწილეობას 16 ქვეყანა იღებდა. წლევანდელი ფესტივალის დევიზი კი Spin the Magic ("დაატრიალე მაგია") გახლდათ.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და ამ დრომდე რჩება კონკურსის რეკორდსმენად სამი გამარჯვებით. ამასთან, ქვეყანამ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მომავალი წლის ევროვიზია ჯუნიორს.