მარგო რობი და ბრედ პიტი, რომლებმაც პირველად კვენტინ ტარანტინოს ფილმზე Once Upon a Time... in Hollywood იმუშავეს ერთად, კიდევ ერთ კინოპროექტზე, სახელად Babylon თანამშრომლობენ. მარგო რობიმ ამჟამად დამწყები მსახიობის, ნელი ლაროის, როლი მოირგო, ხოლო ბრედ პიტმა — ჯეკ კონრადის.
მეორე ერთობლივ ფილმში, მსახიობებს კოცნის სცენაც აკავშირებთ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს კოცნა სულაც არ ყოფილა სცენარის ნაწილი.
"ვიფიქრე, კიდევ როდის მექნება შანსი, ბრედ პიტს ვაკოცო? მოდი, ამ შანსს გამოვიყენებ," — განაცხადა მარგომ. მსახიობის თქმით, საბოლოოდ, არაჩვეულებრივი სცენა გამოვიდა.
"დემიენს, ფილმის რეჟისორს, ვუთხარი, ვფიქრობ, ნელი მივიდოდა და უბრალოდ აკოცებდა ჯეკს. დემიენმა კი მითხრა, შენ უბრალოდ გინდა, ბრედ პიტს აკოცოო. მეც ვაღიარე და ვუთხარი, მიდი, მიჩივლე. ეს შესაძლებლობა ხომ შესაძლოა, აღარასოდეს მქონოდა. საბოლოოდ, დემიენი დამთანხდმა და თქვა, რომ მსგავსი ქმედება გმირის ხასიათს არ ეწინააღმდეგებოდა. მეც ზუსტად ამას ვამბობდი."
მარგომ დაამატა, რომ პირველი კადრის გადაღების შემდეგ რეჟისორს იდეა კიდევ უფრო მოეწონა და მსახიობებს სთხოვა, სცენა კიდევ ერთხელ შეესრულებინათ. რობის თქმით, ამის საწინააღმდეგო თავად არაფერი ჰქონდა.
ფილმის პრემიერა 2022 წლის 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.