ჩაძირულ გემზე ნაპოვნი ბეჭედი აუქციონზე $1.2 მილიონად გაიყიდა

ჩაძირულ გემზე ნაპოვნი ბეჭედი აუქციონზე $1.2 მილიონად გაიყიდა

ზურმუხტიანი ბეჭედი, რომელიც ჩაძირული ესპანური გალეონის ნარჩენებში თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს, ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 1.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ძვირფასი ნივთის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოხმარდება.

ბეჭედი ანონიმმა მყიდველმა საწყის ფასზე გაცილებით ძვირად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ნივთს 70,000 აშშ დოლარად აფასებდა, თუმცა მის სანაცვლოდ 15-ჯერ მეტი გადაიხადეს.

6.25-კარატიანი ზურმუხტით გაწყობილი ბეჭედი ცნობილი ესპანური გალეონის, „Nuestra Señora de Atocha“-ს ნარჩენებში აღმოაჩინეს. ის 1622 წელს დღევანდელი ფლორიდის სანაპიროსთან ჩაიძირა. როგორც ცნობილია, გალეონის ჩაძირვა ქარიშხალმა გამოიწვია. შედეგად, ბორტზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი დაიღუპა.

1985 წელს, მყვინთავმა და განძზე მონადირე მელ ფიშერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ესპანური გალეონის მთავარი კორპუსი აღმოაჩინა, სადაც 180,000 მონეტას, 24 ტონა ბოლივიურ ვერცხლს, 125 ოქროს ზოდსა და კოლუმბიურ დაუმუშავებელ ზურმუხტს მიაგნო.

Atocha-ს განძი 1985 წელს $400 მილიონად შეფასდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს დაახლოებით 1.1 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.