რას, მაგრამ სნობიზმის ნაკლებობას კი არ უჩივის კინოინდუსტრია. სხვა თუ არაფერი, მარტინ სკორსეზეს მიერ მარველის კრიტიკაზე უკვე უამრავი ინტერნეტმიმი არსებობს და ჩვენც ლამის ყოველ წელს ვწერთ იმაზე, თუ როგორ აძაგებს ცნობილი რეჟისორი თანამედროვე კინოსამყაროს — ხან უშინაარსობის, ხანაც შემოსავალზე კონცენტრირების გამო.
კინოთეატრებში მარველის ფილმები არ უნდა გადიოდეს — სკორსეზე
თუმცა, წარმოიდგენდით, რომ მარველის ფილმებს არც შარლიზ ტერონი უყურებდა სერიოზულად?
ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა მარველის ერთ-ერთ უახლეს ფილმში, Doctor Strange in the Multiverse of Madness, მცირე როლიც კი შეასრულა. თუმცა, ამ ფრენჩაიზისადმი ტერონის დამოკიდებულება წინათ სულ სხვაგვარი ყოფილა.
"უგუნური გახლდით", — ამბობს ოსკაროსანი მსახიობი, — "კარგად არც ვიცნობდი მარველის ფილმებს, სანამ ჩემმა, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახმა არ მაყურებინა. მარველის გულმხურვალე ფანები არიან, მე კი სულ დავცინოდი ამის გამო. ვეუბნებოდი, ღმერთო, როგორი ნერდები ხართ-მეთქი".
ტერონის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთხელ, გაზაფხულის არდადეგებზე, ოჯახში ბავშვების დაჟინებული თხოვნით მარველის ყველა ფილმს უყურა.
"მეთქი, ღმერთო, ძალიან კარგია", — იხსენებს მსახიობი თავის რეაქციას, — "ამ მარათონში ბავშვებიც ჩაერთნენ და ძალიან ვისიამოვნე".
ტერონი ამბობს, რომ მისთვის ფილმში მთავარი "ხელჩასაჭიდის" პოვნაა, რის შემდეგაც აღარ დარდობს, კინოსურათში თამაში "ნაკლებად ძლიერ მსახიობად" თუ გამოაჩენს.
Doctor Strange-ის ბოლო ფილმში, რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა, შარლიზ ტერონმა ბნელი განზომილებიდან გადმოსული ჯადოქარი, ქლეა, განასახიერა. ეს გმირი კომიქსებში დოქტორი სტრეინჯის რომანტიკულ ინტერესსაც წარმოადგენს.
როგორც ვთქვით, ტერონი ერთადერთი კინოვარსკვლავი არაა ჰოლივუდში, რომელიც მარველის ფილმებს ალმაცერად უყურებდა. ამგვარი დამოკიდებულებები ჯერ კიდევ აქვთ ცნობილ ხელოვანებს — მაგალითად, სულ ახლახან კვენტინ ტარანტინომ სუპერგმირებზე ფილმების გადაღების ტენდენცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მარველის მსახიობები კრის ევანსი და კრის ჰემსვორტი "ნამდვილი კინოვარსკვლავები" არ არიან.