ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა ამჟამად 37 წლის ბრძანდება და კარიერას კლუბ „მონრეალში“ ასრულებს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Goal.com” ალესანდროსთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა. ფეხბურთელის მტკიცებით, მწვანე მინდორს მომავალ წელს გამოეთხოვება და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგება.
„ამჟამად 37 წლის გახლავართ. ვფიქრობ რომ ნაყოფიერი საფეხბურთო ცხოვრება გამოვიარე. კანადურ „მონრეალში“ ვთამაშობ და მომავალ წელს მოთამაშის კარიერას საბოლოოდ დავემშვიდობები.
გადავწყვიტე რომ მწვრთნელობა დავიწყო, რადგან ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. თავდაპირველად მუშაობას კანადასა ან აშშ-ში დავიწყებ. იმედი მაქვს ამ საქმიანობაში წარმატებებს მოვიპოვებ და მოგვიანებით რომელიმე ევროპული კლუბი მიმიპატიჟებს.
მომავალ წელს ბრაზილიაში მორიგი მსოფლიო პირველობა ჩატარდება. მაქვს იმედი რომ „სკუადრა აძურა“ ამ ჩემპიონატში თავს არ შეირცხვენს და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ერთი სატკივარიც მსურს რომ გაგანდოთ. ბოლო წლების განმავლობაში იტალიურ ფეხბურთში ღრმა კრიზისი გამეფდა და ევროპულ ტურნირებზე წარმატებებს ვეღარ ვაღწევთ. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა თითქმის მოსპობილია. ჩვენი სტადიონები თანამედროვე დონეს ვეღარ პასუხობენ. ამის გარდა გუნდებში მთავარ როლს უცხოელი ფეხბურთელები ასრულებენ და ჭაბუკი იტალიელები ერთგვარად ჩრდილში არიან მოქცეულები. ვთვლი რომ ჩემი ქვეყნის მთავრობამ და წარმატებულმა ბიზნესმენებმა ფეხბურთის გადასარჩენად აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან.“ - განაცხადა ალესანდრო ნესტამ.