მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარბაზის შესასვლელთან ხმაური იყო. პროცესზე დასწრების სურვილი იმაზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ვიდრე ამის საშუალებას დარბაზი იძლეოდა, რის გამოც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მოქალაქეები დარბაზში ფეხზე დგომის უფლებას მოითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურები არ აძლევდნენ. ჯონდი ბაღათურია და იქ დამსწრე საზოგადოება პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანას ითხოვდნენ, სადაც 150 კაცის დასაჯდომი ადგილი იყო. მოთხოვნა რადიკალური იყო, თუ ბაჩო ახალაიას პროცესს №1-ელ დიდ დარბაზში მართავთ, რათა ნაცმოძრაობის აქტივისტები და მკვლელები კარგად დაეტიონ, სასულიერო პირებისა და მრევლისთვის ადგილი არ უნდა იყოს?! გარეთ რატომ გაგვყარეთ?! ამის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველ უამრავ ადამიანს უარი უთხრეს. პოლიტიკოსებს გარდა, ადგილზე მისულები იყვნენ სასულიერო პირები, მრევლი და უფლებადამცველები.
სასამართლო პროცესზე მოგვიანებით კორკოტაც გამოჩნდა. მანდატურმა ისიც გააფრთხილა, რომ დარბაზში ფეხზე დგომა არ შეიძლებოდა, დასაჯდომი ადგილი კი არ იყო. კორკოტამ მაინც თავისი გაიტანა და მანდატურს უთხრა, შენ რა გინდა, შემიშვი დარბაზში, თუ ადგილს ვერ ვნახავ, გამოვალო. თუმცა, როგორც ჩანს, დასაჯდომი ადგილი ნახა და უკან გამოსვლაც აღარ დასჭირვებია.
მრევლი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მსგავსად, მზესუმზირის გამყიდველებიც ტაბურეტებით გადაადგილდებოდნენ და, თუ ეს დანაშაულია, მაშინ მზესუმზირის გამყიდველებიც უნდა დაიბარონ სასამართლო პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისს ტაბურეტები არავის გამოუყენებია აგრესიული მიზნით.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, რომ „მღვდლებს ხიდაშელისა და უსუფაშვილის დავალებით ასამართლებენ“ და საქართველოს ახალი ხელისუფლება ტრაბახობს, რომ შექმნა სასულიერო პირების გასამართლების პრეცედენტი.
მისი თქმით, „სასულიერო პირების დაკავებით ტრაბახობს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც თავი წარმოიდგინა ბელადად, ამით ტრაბახობს ხიდაშელი და უსუფაშვილი. თუმცა ეს ხდებოდა მხოლოდ როსტომ ხანისა და ბოლშევიკების მმართველობის დროს, როდესაც უდანაშაულო მღვდლებს ხვრეტდნენ. დღეს სასულიერო პირებს ოთხეული ასამართლებს, ესენი არაინ, ხიდაშელი- უსუფაშვილი და ბოკერია-ჩერგოლეიშვილი. ეს ორი ოჯახი ძიების პროცესში ერეოდა და სურვილი ჰქონდა, რომ შექმნილიყო მღვდლების დასჯის პრეცედენტი“, - მიიჩნევს ჯონდი ბაღათურია, რომელიც განმარტავს, რომ ხელისუფლებამ შური იძია 17 მაისს დაუმორჩილებელ ქართულ საზოგადოებაზე.
როგორც ცნობილია, ქართველ სასულიერო პირებს შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე აქვთ ბრალი წაყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ ბასილაიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამჯერად სასამართლო პროცესი ერთი კვირით, 23 ივლისამდე ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რომლებიც პროცესში მოგვიანებით ჩართვის გამო, საქმეს კარგად არ იცნობდნენ.
ადვოკატები აპირებენ, მომდევნო პროცესზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართონ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რაც იმის საფუძველი გახდება, რომ საქმე არსებით განხილვაში არ გადავიდეს.
For.ge დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა სასულიერო პირების საქმის განხილვა შეწყდეს მტკიცებულებების დაუშვებლობის გამო და, ზოგადად, მართლმადიდებლურ ქვეყანაში რას ნიშნავს მღვდლების გასამართლების პრეცედენტი?! ამის შესახებ სხვადასხვა პიროვნებებს ვესაუბრეთ.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა უამრავ ქვეყანაში, არანაირი იმუნიტეტი არ არსებობს და, თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, თანამდებობის თუ რელიგიური ნიშნის მიუხედავად, პასუხი უნდა აგოს. თუმცა სასამართლომ უნდა გაარჩიოს, ქართველმა სასულიერო პირებმა ჩაიდინეს თუ არა დანაშაული. ადვოკატის თქმით, თავისთავად, ტაბურეტის ხელში დაჭერა არ გულისხმობს, რომ ეს დანაშაულის იარაღია.
„მე როცა ვესაუბრე, მამაომ განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ტაბურეტი. პირიქით, სხვას გამოართვა, რომ მერე სხვებს არ გამოეყენებინათ და ამით აღკვეთა ტაბურეტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. თავიდან მზესუმზირის გამყიდველ ქალს წაართვეს მომიტინგეებმა ტაბურეტი, სასულიერო პირმა კი მომიტინგეებს გამოართვა ხელიდან, რომ მათ ზიანი არავისთვის მიეყენებინათ“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, ხმაურიანი იყო პროცესი, რადგან პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ სასულიერო პირებს ასამართლებენ და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს სასულიერო პირებს, თუმცა ექსცესები არ მომხდარა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ექსცესები მომავალშიც არ მოხდება, რადგან ეს ისევ იმ ხალხის წისქვილზე დაასხამს წყალს, ვინც დაინტერესებულია, უარყოფითი კუთხით წარმოაჩინოს მართლმადიდებლური ეკლესია და ჩვენი საზოგადოება.
გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ახლა მთავარია, როგორ წარიმართება მომდევნო სასამართლო პროცესი, რამდენად ექნება მტკიცებულება პროკურატურას და მოახერხებს თუ არა, დააჯეროს საზოგადოება და სასამართლო, თითქოს, დანაშაული ნამდვილად მოხდა. თუ ეს პროცესი საზოგადოებამ ხელოვნურად ჩათვალა, ადვოკატი ვარაუდობს, რომ გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება წამოვა როგორც „ოცნების“, ისე ჩვენი სასამართლოს მიმართ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კაკა კუკავა აცხადებს, რომ სასულიერო პირებთან დაკავშირებით დელიკატური მომენტი გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა, ისინი არ დგანან კანონზე მაღლა და სასულიერო პირთა გასამართლებაც შეიძლება, მაგრამ, თუ ამის აუცილებლობა დგას, ეს უნდა მოხდეს კანონის განსაკუთრებული დაცვით. თუმცა კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ჩვენ კანონს მაშინ ვიცავთ, თუ ამას ევროპელი დამკვირვებლები მიგვითითებენ. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს საზოგადოების ფაქტორს.
პოლიტიკოსის თქმით, სასულიერო პირები სულ ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ გაასამართლა, 20-30-იან წლებში იმართებოდა ეს პროცესები და ასეთი პრეცედენტის გამეორება, თანაც არგუმენტის გარეშე, სარისკოა.
„ასეთ არგუმენტებს ვერ ვხედავთ, რადგან ის ბრალი, რაც წაყენებული აქვთ მამაოებს, დადასტურებულიც რომ იყოს, საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი არ არის და ბევრად უფრო მნიშვნელოვან დანაშაულებთან მიმართებით „ოცნება“ ლიბერალურია. ისინი ამბობენ, ნაციონალებს უნდა ეპატიოთ, ბარამიძეს უნდა ეპატიოს და სხვა. ამიტომ გაუგებარია, რატომ იჩენენ რადიკალიზმს სასულიერო პირებთან მიმართებით. მით უფრო, ამის შედეგად არავინ დაღუპულა, არავინ დაჭრილა, არავის ქონება არ დაზიანებულა და მძიმე დანაშაული ჩადენილი არ არის“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
მანვე განმარტა, რომ, წმინდა სამართლებრივად, სასულიერო პირთა ბრალი დადასტურებული არ არის და ეს არის ხარკი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იხდის. მეტიც, არცერთ კადრში არ ჩანს, რომ ვინმეს ტაბურეტი ჩაარტყეს თავში. ამიტომ რეალურად, სასულიერო პირები პასუხს აგებენ არა მათ მიერ ჩადენილი ქმედებისთვის, არამედ მათ წინააღმდეგ შექმნილი საზოგადოებრივი აზრისთვის, რაც არანორმალური მოვლენაა.
„თემიდას თვალები იმიტომ აქვს ახვეული, რომ არ შეიძლება, მოექცეს უმრავლესობის, უმცირესობის, კონიუნქტურის გავლენის ქვეშ. 26 მაისის მონაწილე სპეცნაზელები ანუ მკვლელები არ ისჯებიან და ამ დროს მამაოები უნდა დაისაჯონ? მსოფლიოში არსებული არცერთი სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს ასეთ მტკიცებულებას, რომ ფეისბუკი რადგან ამტკიცებს, რომ მამაო დამნაშავეა, თურმე ის მართლაც დამნაშავე ყოფილა“, - განმარტავს კახა კუკავა.
თეოლოგი ლევან აბაშიძე საქმის იურიდიულ ასპექტში არ ერევა და ამ სფეროს იურისტებს ანდობს. თუმცა მიიჩნევს, თუკი სასულიერო პირები იმ მომენტში დამნაშავენი არ ყოფილან, ისინი საზოგადოებამ უნდა დაიცვას. რაც შეეხება საეკლესიო და იურიდიულ თვალსაზრისს, ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ მღვდელს არავითარი იმუნიტეტი არ ეკუთვნის და ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერი მღვდელი თუ ეპისკოპოსი ისეთივე მოქალაქეა და ისევე აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა პირი.
„ჩვენ ვცხოვრობთ საერო სახელმწიფოში. თუ ჩვენ ვართ კანონის ქვეყანა და არა - „გაგებების“ ქვეყანა, ეს საკითხი საერთოდ არ უნდა იდგეს. რასაც პოლიტიკოსები ამბობენ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიპატრიოტული გამონათქვამები. ზოგადად იმის თქმა, როგორ შეიძლება მღვდელი გავასამართლოთო, აბსურდია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აბსურდულია თეოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან სახარებაში იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, მოწაფე არ არის მასწავლებელზე უფრო მეტი და მსახური არ არის თავის უფალზე მეტი. მართალია, უსამართლოდ, მაგრამ, თუკი თვითონ იესო ქრისტეც კი დაიჭირეს და გაასამართლეს, იმის თქმა, როგორ შეიძლება მღვდლის გასამართლება, არასწორია. 12 მოციქულს შორის ერთი იყო მოღალატე და არავინაა დაზღვეული არაფრისგან. მე ვამბობ პრინციპზე, თორემ არა ამ კონკრეტულ ეპიზოდზე, თუ ვინ არის დამნაშავე“, - გვითხრა ლევან აბაშიძემ.
ერთ-ერთი სასულიერო პირის, იოთამ ბასილაიას ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ ეჭვიც არ ეპარება თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში, თუმცა საქმე უკვე გადასულია სამართლებრივ ჭრილში და ადვოკატის ვალდებულებაა, მოითხოვოს, რათა სასამართლომ მტკიცებულებები დაუშვებლად ცნოს. მით უფრო, რომ წინა სასამართლო სხდომა ისედაც მოიაზრებს შუამდგომლობების დაყენებას და მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, ასევე, სისხლის სამართლის შეწყვეტის შუამდგომლობის მოთხოვნას. ამიტომ შესაძლებელია და ადვოკატებს იმედიც აქვთ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.
„ვიდეოკადრები რაც ვნახე, ვერ ვხედავ სერიოზული დანაშაულის ნიშნებს. მით უმეტეს, როცა მეორე მხარეს არავინაა დასჯილი. მარტო აღნიშნული სასულიერო პირები ხომ არ იყვნენ იქ? თუ ტაბურეტის ხელში დაჭერა დანაშაულია, მაშინ ტაბურეტის ეპიზოდის შესახებ სულ სხვა მუხლი უნდა ყოფილიყო და არა - 161-ე მუხლი, რაც აქციის ჩატარებისას ხელშეშლას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.