რურუას ძეგლები თავზე ენგრეოდა, სტეფანეს და წურწუმიას კი ათეულ ათასებს ახარჯავდა

რურუას ძეგლები თავზე ენგრეოდა, სტეფანეს და წურწუმიას კი ათეულ ათასებს ახარჯავდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შესახებ სქელტანიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უზუსტობები და ნაკლოვანებები. კერძოდ, სამინისტროს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთხოვილია თანხები იმ პირობებში, როდესაც მათთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო ღონისძიებებზე გასაწევი მთლიანი ხარჯების ოდენობა, ასევე სპონსორებიდან და ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელთა შორის სხვაობაც უნდა შეადგენდეს ბიუჯეტიდან მოსათხოვი თანხის ოდენობას. ასეთი სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილია 1 360 100 ლარი.

ამ გზით დაუსაბუთებლად მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია შპს „ისთერნ პრომოუშენისთვის“ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატებლად 1 104 000 ლარი. ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული, რომ განხორციელდა თანადაფინანსება, თუმცა ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული, რომ განხორციელდა თანადაფინანსება და არც ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე შეთანხმება.

შპს „ისთერნ პრომოუშენის“ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სამინისტროსგან მიღებული თანხის გარდა აღნიშნული ღონისძიების შემოსავალმა შეადგინა 577.5 ათასი ლარი (სპონსორებისგან 164.1 ათასი ლარი, ბილეთების რეალიზაციით - 413.4 ათასი ლარი). ჯაზფესტივალის დაფინანსებისას სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაციას დამატებითი ხარჯების შესახებ და რა მოგება დარჩა ორგანიზატორს ღონისძიებიდან, რომლის ფაქტობრივი გენერალური სპონსორი თვითონ იყო.

„ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჯაზფესტივალის ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებისა (სამინისტროს წილი ზემოაღნიშნულ ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 65%-ს), შპს „ისთერნ პრომოუშენმა“, შპს „ინთერნეიშენლ ივენთსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ღონისძიების გენერალურ სპონსორად კანონდარღვევით (არასათანადო რეკლამის განთავსებით) გამოაცხადა სს „საქართველოს ბანკი“, რომლის წილიც ღონისძიების დაფინანსებაში შეადგენდა 46 000 ლარს, ანუ 2.7%-ს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

უწყების ინფორმაციით, არასრულყოფილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე თანადაფინანსების სახით მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია შპს „ჰორიზონტ ტვ სტუდიისთვის“ 24 000 ლარი ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკურად უზრუნველსაყოფად.

არასრულყოფილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე თანადაფინანსების სახით მოთხოვნილია და სამინისტროს მიერ გადახდილია სსიპ – „თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისთვის” 190 000 ლარი თეატრალური ფესტივალის ჩასატარებლად. შპს „ ლაშა-2007“-თან გაფორმებული იქნა 31 ხელშეკრულება სატრანსპორტო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით. სულ გადახდილია 50 100 ლარი. აღსანიშნავია, რომ არც ხელშეკრულებებში და არც მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მითითებული, თუ რა სახის სატრანსპორტო მომსახურებები იქნა გაწეული.

ანგარიშში წარმოდგენილია ფაქტები, როდესაც ხელშეკრულებები გაფორმებულია ღონისძიებების ჩატარების შემდგომ. მაგალითად 2011 წლის 2 აგვისტოს ქ. ბათუმში, კონცერტ – MTV Georgia live – ში ჯგუფ „სტეფანე და 3G” მონაწილეობისთვის ერთ საღამოში ფიზიკური პირის სტეფანე მღებრიშვილისთვის გადახდილია 25 000 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N730), ხოლო იმავე კონცერტში ჯგუფ „ელდრაინის“ მონაწილეობისთვის ფიზიკური პირისთვის, სერგო სულაძისთვის გადახდილია 12 500 აშშ დოლარი (ხელშეკრულება N731). ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა 2011 წლის 5 დეკემბერს კონცერტის გამართვიდან 4 თვის შემდეგ.

აუდიტის დასკვნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ უზუსტობებსა და ნაკლოვანებებში ასევე იკვეთება დაუსაბუთებელი გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით განხორცილებული შესყიდვები, ტენდერების გამოცხადებისას პრეტენდენტებისათვის წაყენებული პირობების არათანმიმდევრულობისა და შეფასების კრიტერიუმების დაუსაბუთებლობის ფაქტები, არაგონივრულად მცირე დროის მონაკვეთში დადებული ხელშეკრულებები და სამუშაოს მიღების ფაქტები.

„მაგალითად, კახეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N2574 განკარგულების შესაბამისად დაევალა მუნიციპალური განვითარების ფონდს. თავის მხრივ, ფონდმა აღნიშნული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართა თხოვნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ კულტურის მინისტრისგან შესყიდვის გამარტივებული წესით წარმოების მიღების შემდეგ გაუგზავნა წერილი 7 კომპანიას, რომლებსაც სავარაუდოდ უკვე უნდა ჰქონოდათ მზა პროექტები“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქვა ნათქვამია, რომ ხელშეკრულების გაფორმება შვიდივე კომპანიასთან განხორციელდა ერთ დღეს – 2011 წლის 28 დეკემბერს, ხოლო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა მეორე დღესვე 2011 წლის 29 დეკემბერს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ გადასახადების არასწორი გაანგარიშებისა და დაბეგვრის ფაქტებიც გამოვლინდა. სამინისტროს აპარატის მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მომწოდებლებზე 2010 წელს წინასწარ გადახდების შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯვის დოკუმენტები წარმოდგენილი იქნა 2011 წელს. კერძოდ, ანდრეა ბოჩელის კონცერტის ორგანიზაება ბათუმში (ARCHIVOX SLR – 214 000 ლარი, PENTAGON MUSIC MANAGEMENT LIMITED – 338.8 ათასი ლარი, ANDREA BOCELLI – 1.606 ათასი, PETER BASLER c/o BASITOURS – 194.7 ათასი ლარი), მესტიაში საახალწლო ღონისძიებისთვის „უკრაინული ახალი წელი საქართველოში“ – 176.0 ათასი ლარი, ფ/პ დავით-დეფი გოგიბედაშვილი – 18 000 ლარი, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებებლი – 200 000 ლარი, ააიპ-საქველმოქმედო ფონდი „ხელოვანები თანადგომისათვის“ – 502 500 ლარი და ზემოთ ჩამოთვლილი არარეზიდენტი მომწოდებლები.

აქვე აღნიშნულია, რომ გაუგებარია სამინისტროს მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების აუცილებლობა, მაშინ როდესაც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკე ორგანიზაციული კოდით გამოყოფილია შესაბამისი ასიგნება (დაფინანსებულია კრემლის აგრესიისა და ეთნიკური წმენდის ამსახველი დოკუმენტური ფილმების გადაღება). ასევე რატომ ფინანსდება საქველმოქმედო ფონდი (როგორც შუამავალი რგოლი) ბიუჯეტიდან.

აუდიტის სამსახურის მიერ კულტურის სამინისტროს მიერ ზედმეტად გადახდილი თანხებიც არის გამოვლენილი. უწყების ინფორმაციით, აპარატის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად გათვალისწინებული ასიგნებებისა და აპარატის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში ამ გზით გადახდილია 6-2.3 ათასი ლარი.

„კერძოდ, სამინისტროსა და შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ შორის გაფორმებული 2011 წლის 22 მარტის N149 ხელშეკრულების (თანხით 1 264 700 ლარი, 750 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მიხედვით, შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ დაევალა 2011 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზება. შპს „ისთერნ პრომოუშენსის“ მიერ ქვე-კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით სტინგის ჰონორარი შეადგენდა 300 000 აშშ დოლარს, ხოლო კრის ბოტის 90 000 აშშ დოლარს.

გარდა ამისა შპს „ისთერნ პრომოუშენსს“ უნდა მოეხდინა 375 000 აშშ დოლარის ოდენობის 1500 დასაჯდომი ბილეთის რეალიზაცია (ერთეულის ფასი 250 აშშ დოლარი). გაყიდული ბილეთებიდან 100 000 დოლარით დამატებით უნდა გაზრდილიყო სტინგისა და კრის ბოტის ჰონორარი (თითოეულს 50 000 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი (275 000 აშშ დოლარი) უნდა გახარჯულიყო საქველმოქმედოდ“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

თუმცა, სამინისტრომ „ისთერნ პრომოუშენსს“ დაგეგმილი 1500 ბილეთის ნაცვლად სარეალიზაციოდ გადასცა მხოლოდ 200 ცალი ფეხზე დასადგომი და 858 დასაჯდომი ბილეთი (სულ დამზადებული 2 610 ბილეთიდან). დანარჩენი 1552 ბილეთი სამინისტრომ გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რის შედეგადაც შემოსულმა თანხამ, ნაცვლად 375 000 აშშ დოლარისა, შეადგინა მხოლოდ 344 000 ლარი. აღნიშული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედოდ, ხოლო სტინგისა და კრის ბოტის დამატებითი ჰონორარები (100 000 აშშ დოლარი) ანაზღაურდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კონცერტის ბილეთების გადაცემამ გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 227 900 ლარის დამატებითი ხარჯის გაწევა(100 000 აშშ დოლარის დამატებითი ჰონორარები და დანარიცხები).

გარდა ამისა, სამინისტროსა და „ისთერნ პრომოუშენს“ შორის 2011 წლის 1 ნოემბერს და 6 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულებები N660 და N735 (თანხით 1 735 3 ათასი აშშ დოლარის და 761 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში), რომელთა მიხედვითაც შპს „ისთერნ პრომოუშენს“ დაევალა 2011 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ბათუმში საახალწლო კონცერტის ორგანიზება ხულიო იგლესიასის მონაწილეობით. ღონისძიების მოსაწყობად სამინისტროს მიერ გადახდილი იქნა სულ 4 134 3 ათასი ლარი.

ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ შპს „ისთერნ პრომოუშენს“ საახალწლო კონცერტზე მონაწილეობის მიზნით გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ამერიკელ არტისტ კაროლინ კემბელთან, თანხით 110 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 50 000 აშშ დოლარი – მონაწილეობისთვის, 50 000 აშშ დოლარი – დავალიანებისთვის, რომელიც ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ იყო, ხოლო 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა კრის ბოტის ტურნეს მიმართ ვალდებულების გამოსასყიდს. საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული დავალიანება სამინისტროს არ ერიცხებოდა. შედეგად სამინისტროს მხრიდან ზედმეტად გადახდილია 115 900 ლარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როდესაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია ხდებოდა კანონმდებლობის დარღვევით. მაგალითად, ლიტერატურული გაზეთის გამოცემაზე გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა:შპს „კვირის პალიტრა“ (115 000 ლარი) და ააიპ „ლიტერა G” (135 600 ლარი). მიუხედავად დაბალი ფასისა, სატენდერო კომისიის მიერ შპს „კვირის პალიტრა“ დისკვალიფიცირებული იქნა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამოცემის შესაბამისი თექვსმეტ გვერდიანი მაკეტი. ხოლო, ააიპ „ლიტერა G”-მ კომისიას წარუდგინა იანვრის თვეში გამოცემული გაზეთის 42-ე ნომერი, რითაც ფაქტობრივად დასტურდება, რომ ტენდერის დამთავრებამდე მას უკვეგამოცემული ჰქონდა გაზეთი.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნაში კულტურის სამინისტროს მიერ ჩადენილი კიდევ არაერთი არამიზნობრივი ხარჯია გამოვლენილი და დასკვნა საკმაოდ სქელტანიანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტის ერთ სტატიაში მოყვანა უბრალოდ შეუძლებელია.