"ივანიშვილი შეიძლება პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ ქვეყნის წინსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა"

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს გადახედა და იგი სოციალურად უფრო ორიენტირებული გახადა. მაგალითად, ბიუჯეტში აისახა სასოფლო - სამეურნეო ბარათებისთვის, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის და სხვათა ხარჯები. როდესაც დაისვა კითხვები, გასწვდებოდა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ამდენი სოციალური პროექტის დაფინანსებას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნაციონალების დროს გათვალისწინებულ სხვადასხვა უაზრო ხარჯებს შეამცირებდა და ამ თანხებს სოციალური პროექტებისკენ გადაამისამართებდნენ.

ივანიშვილის ინიციატივით, შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომსახურების ხარჯები, დედაქალაქისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა და სწორედ ასეთი ხარჯების შემცირების ფონზე მოხდა სოციალური პროექტების დაფინანსება. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის კეთების მსურველთა პროექტების თანადაფინანსებას მოახდენდა.

3 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ფონდის მოცულობა, სავარაუდოდ, 10 მილიარამდე იქნება და ეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და საქსტატის მონაცემებით, მაისში ეკონომიკის ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემების საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსზე ალაპარაკდნენ და მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის რჩევებიც კი მისცეს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ნაციონალებს მათ მიერ ახალი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მეთოდებით მათი მმართველობის დროს ეხელმძღვანელათ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემები არსებობს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, სავარაუდოდ, უახლოესი პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იქნება, რადგან დანაპირები ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოსულა (რასაც, რა თქმა უნდა, თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს), უფრო მეტიც, დღესდღეობით ქართულ ბიზნესს ყველა სფეროში საკმაოდ რთული პერიოდი უდგას.

შექმნილი მდგომარეობის ფონზე, რამდენად გასწვდება სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურ პროექტებს და არის თუ არა მართლაც ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელი, ამ კითხვებით ეკონომიკის ექსპერტებს მივმართეთ.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ სოციალური ხარჯები ნაციონალების მიერ შემუშავებულ ბვიუჯეტშიც მრავლად იყო და ამიტომ მასა და „ქართული ოცნების“ მიერ გაწერილ სახელმწიფო ბიუჯეტებს შორის დიდ სხვაობას ვერ ხედავს. ექსპერტის თქმით, ბიუჯეტი ვალდებულებებზე ორიენტირებული გახდა, სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში გაფართოვდა, რაც ბევრ სფეროში კერძო ინვესტიციების ჩანაცვლების გზით მოხდა. ამასთანავე, შეშელიძე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული კი არ არის, არამედ გათანაბრებითი ფუნქცია შეიძინა. კერძოდ, სოციალურად ორიენტირებული იქნებოდა ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, თუკი ის დაეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს და არა ყველას. პაატა შეშელიძე ამბობს, რომ სადაზღვევო პაკეტი მისცეს ყველას და არა მხოლოდ მათ, ვისაც სჭირდება, ისევე როგორც სასკოლო სახელმძღვანელოები და ა.შ. ექსპერტის თქმით, სინამდვილეში იგივე სახელმძღვანელობის ყიდვა და დაზღვევის შეძენაც ბევრ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც ამ პროგრამებში მოხვდა. აქედან გამომდინარე, შეშელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ხარჯავს რესურსს იმაზე, რაზეც საჭირო არ არის და ამასთანავე, ბევრ სფეროში კერძო სექტორს ანაცვლებს.

რაც შეეხება სპეციალურ ფონდებს, რომლებიც ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად უნდა შეიქმნას, პაატა შეშელიძე აქაც გარკვეულ პრობლემებს ხედავს.

„ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იფუნქციონიროს ამ ფონდებმა. აქ ჩნდება კითხვა - თუკი მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ასეთი ფონდების შექმნის საშუალებას, მაშინ რატომ არ იქმნება და სახელმწიფო რა შუაშია? ხოლო თუ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ ახალი უნდა შეიქმნას და რატომ უნდა გავრცელდეს ეს ნორმები მხოლოდ იმაზე, რომელსაც ივანიშვილი შექმნის? გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდებს სხვა ფონდებთან მიმართებაში პრივილეგიები უნდა ჰქონდეს? ამიტომ, ჩემი აზრით, საერთო ჯამში ეს არის მახინჯი პოლიტიკა“, - ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, ამ პოლიტიკის შეცვლა პერსონალური ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მომუშავე ადამიანებს სწამთ, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, სწორია. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეკონომიკური გუნდის ხელში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. მისი თქმით, ამ არასწორი პოლიტიკის შედეგები უკვე შემოდგომაზე გამოჩნდება, როდესაც გლეხები მოსავალს აიღებენ და აღმოჩნდება, რომ პროდუქციის გაყიდვა იმაზე ბევრად დაბალ ფასში მოუწევთ, ვიდრე ეგონათ. ამიტომ, შეშელიძის თქმით, ისინი სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირებას მოსთხოვენ და რამდენად გასწვდება ამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს უკვე უცნობია. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ვითარება საკმაოდ დაიძაბება და ამიტომ თვლის, რომ უკვე, განგაში უნდა ატყდეს, რათა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს.

ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ თუკი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი არ ექმუქრება. მისი თქმით, მართალია, ეკონომიკური ზრდა შემცირდა, მაგრამ ადგილი არ აქვს ეკონომიკის დაცემას. ექსპერტი აცხადებს, რომ ეკონომიკას ხელისუფლების შევლის პროცესში გარკვეული პრობლემები წარმოეშვა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები არ შეექმნება და შესრულდება ყველა სოციალური პროექტი, რომელიც მთავრობამ თავის თავზე აიღო. ბერიძის თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების შეჩერება იმ მასშტაბური შავი პიარის ბრალია, რომელსაც წინა ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ეწევა. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლებამ ამ პრობლემურ პერიოდს გაუძლო, სულ მალე, ეკონომიკური ზრდაც დაიწყება და ინვესტიციების შემოდინებაც.

„მოგეხსენებათ, ახლა აღარ მიმდინარეობს ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა, იუსტიციის სახლის (თბილისში), ანბანის კოშკის (ბათუმში) და ა.შ. ანუ იმ შენობების, რომლებზეც მრავალი მილიონი ლარი დაიხარჯა. ამან კი საშუალება მისცა ახალ ხელისუფლებას, ეს თანხები მიემართა იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია შეამციროს, რადგან ასე რომ არ მომხდარიყო, მიგრაცია კატასტროფულ მასშტაბებს მიიღებდა“, - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუკი ეკონომიკის სტიმულირებისთვის უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება. კერძოდ, ერონულ ბანკს აქვს ბერკეტი საიმისოდ, რომ ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკის განვითარებაზე, დაწიოს საპროცენტო განაკვეთები, რასაც ის აკეთებს, მაგრამ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი. ასევე მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებს გამოისყიდის, რადგან გარკვეული დონის ინფლაცია საჭიროა იმისთვის, რომ წარმოებამ სული მოითქვას (რაზეც ახალი მთავრობა აქცენტს აკეთებს) და შეწყდეს დეფლაციის წელიწადნახევრიანი ციკლი, რომელმაც საქარეთველოს ეკონომიკას არაფერი მოუტანა, ისევ ისე მდიდრდებიან იმპორტიორები, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა, მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, ისევ ერთ ადგილას დგას.

ვაჟა ბერიძის თქმით, თუკი ამგვარი ქმდებები გატარდება, სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მდგომარეობის შესაფასებლად, სულ ცოტა, ორი კვარტლის მონაცემებია საჭირო, რაც ჯერ არ არსებობს, ხოლო წინასწარი მონაცემები რაიმე ტრაგიკური დასკვნების გაკეთების საფუძველს არ იძლევა. გიორხელიძის თქმით, სექტემბრისთვის ამ მხრივ ცოტა უფრო ნათელი სურათი გამოიკვეთება, თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაცემულია, ადამიანებს საკუთარი ეკონომიკური ინიციატივების რეალიზაცია არ შეუძლიათ, რადგან არანაირი ინსტიტუციონალური ცვლილებები, არანაირი სახელმწიფო პროგრამა ბიზნესის ხელშეწყობისათვის არ ხორციელდება და ყველაფერი მახინჯი საბანკო სისტემის ხელშია დატოვებული. ბანკებს კი ისეთ წესები აქვთ, რომ მხოლოდ საკუთარ ბიზნესებს და ფირმებს აფინანსებენ, ხოლო კონკურენტებს დაფინანსებას არ აძლევენ. ამიტომ ექსპერტი ასკვნის, რომ ბანკები თავად არიან ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მუხრუჭად ქცეულები.

„სამწუხაროდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისათვის არაფერი კეთდება. ამიტომაც დაეცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. შეიძლება ეს ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდს მივაწეროთ, მაგრამ ეკონომიკაში კანონზომიერებები ძალიან მკაცრია და როგორც გითხარით, როცა სექტემბრისთვის ორი კვარტლის მონაცემებით და მესამის წინასწარი მონაცემები იქნება ცნობილი, მაშინ უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვეძლება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ბიუჯეტის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპები ბიუჯეტის განვითარების საშუალებას არ იძლევა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სოციალურ პროექტებს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას იმის გამო ჩქარობს, რომ კერძო სექტორიდან შეიტანოს თავისი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში.

ამასთან დაკავშირებით დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი გაგებით ივანიშვილის ნათქვამიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს შეუძლია სერიოზული იმპულსი მისცეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, თუკი ამაში ფულს დააბანდებს. ექსპერტის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილს სხვებიც მიბაძავენ, რადგან ჩათვლიან, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა.

„ცხადია, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნისათვის სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია“, - აღნიშნავს გიორხელიძე.

პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კერძო სექტორში ახლაც არის და თუ ქვეყნისთვის რამის გაკეთება სურს, ამაში ხელს არავინ უშლის და ამისთვის ერთი სფეროდან მეორეში გადასვლა საჭირო არ არის.

ვაჟა ბერიძე კი თვლის, რომ შექმნილ ვითარებას ორი მხარე აქვს. ერთი არის ის, რომ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პოლიტიკიდან წავა, ეს ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალია. ექსპერტი უახლოეს ექვს თვეში, ვიდრე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა არ ჩამოყალიბდება, არსებით ცვლილებას არ ელოდება. მეორე მხრივ, თუ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში წავა, საიდანაც პროცესების განვითარებაზე კეთილმყოფელ გავლენას მოახდენს, ვაჟა ბერიძის თქმით, ეს მისასალმებელია და იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა საქართველოში გარკვეული ინვესტიციები ჩადოს.

„თუმცა განა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა მილიარდიანი ქველმოქმედების სახით გააკეთა, სერიოზული ინვესტიცია არ იყო? სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 700 მილიონიდან ერთ მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული და განა ეს სერიოზული ნაბიჯი არ არის? ამას შეიძლება გარკვეულწილად ქველმოქმედებაც კი დავარქვათ. განა მისი ფონდ „ქართუს“ სოლიდური წვლილი სხვადასხვა ფონდებში სერიოზული ნაბიჯი არ არის ქვეყნის განსავითარებლად? შეიძლება პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ დიდმა მამულიშვილმა, ქვეყნის წინსვლაში (თავისი ქველმოქმედებით და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მოშორებით) უდიდესი წვლილი შეიტანა და იგი ქვეყნის ისტორიაში სერიოზულ ადგილს დაიკავებს“, - ამბობს ვაჟა ბერიძე.